1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება - რა ეღირება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების შემოწმება

1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. ამის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა.

ცვლილების შედეგად ავტომობილის პირველადი ინსპექტირების ღირებულება უცვლელი რჩება. ხოლო განმეორებით ინსპექტირებაზე გარკვეული ღირებულება დაწესდება.

კერძოდ, მსუბუქი ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება 20 ლარი ეღირება, ასევე 20 ლარი იქნება ტაქსების განმეორებითი ინსპექტირება.

უფრო კონკრეტულად კი, განმეორებითი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის შემდეგი იქნება:

  • 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მ8იკროავტობუსები) – 30 ლარი;
  • 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატვირთო ავტომობილები) – 30 ლარი;
  • 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები - 20 ლარი;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები - 20 ლარი;
  • ტაქსები - 20 ლარი;
  • პიკაპი - 20 ლარი;

არაუმეტეს 3500 კგ-ზე სრული მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა - 20 ლარი;

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მსუბუქი ავტომობილები) - 20 ლარი.

თაია არდოტელი