„მაკდონალდსის“ რუსული ჩამნაცვლებელი აფხაზეთში შედის?! - „უკვე შეძენილია ფრანჩიზა, ახლა ხელს არაფერი გვიშლის“

სწრაფი კვების რუსული ქსელი „ვკუსნო-ი ტოჩკა“, რომელმაც ქვეყანაში ამერიკული „მაკდონალდსი“ ჩაანაცვლა, აფხაზეთის ბაზარზე შესვლის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ კომპანიის ექვსთვიანი მუშაობის შედეგების შესაჯამებლად გამართულ პრესკონფერენციაზე ქსელის მფლობელმა ალექსანდრ გოვორმა განაცხადა.

რუსული გამოცემა ТАСС-ის ცნობით, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ქსელის მენეჯმენტი „ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის ბაზარზე შესასველელად, მაგრამ ეს არც ისე მარტივია“. ”ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული”, - დასძინა მან.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება არ გავუწიოთ კონკურენცია იმ ბაზრებზე, სადაც „მაკდონალდსი“ არის წარმოდგენილი. „მაკდონალდსი“ საქართველოშია. რუსეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად ცნობს, მაგრამ აშშ, სადაც კომპანია დაფუძნებულია, - არა. შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. გვინდა აფხაზეთის ბაზარზე შევიდეთ. ახლა ჩვენ ვცდილობთ მოვაგვაროთ ეს სამართლებრივი კონფლიქტი“, - განაცხადა მან.

ქსელის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ აფხაზეთში რესტორნების გახსნის პროცესს „სამართლებრივი შეჯახება“ და „ლოგისტიკური სირთულეები“ აფერხებს“.

მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა რუსეთში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ოლეგ ბარციცმა. მისი თქმით, „ვკუსნო-ი ტოჩკა“ აფხაზეთში სავარაუდოდ, 2023 წელს გაიხსნება. „უკვე შეძენილია ფრანჩიზა, ახლა ხელს არაფერი გვიშლის“ - აღნიშნა ბარციცმა.

სავაჭრო წარმომადგენლის თქმით, ინტერესი რესპუბლიკის მიმართ იზრდება, რადგან რუსულ კომპანიებს და ბიზნესმენებს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მიერ რუსული ბაზრის დატოვების შემდეგ სხვადასხვა ბრენდები შეიძინეს, არაფერი უშლით ხელს, რომ აფხაზეთში საკუთარი პროექტებით შევიდნენ.

„მაკდონალდსის“ ქსელმა რუსეთში მუშაობა უკრაინასთან ომის გამო მარტში შეაჩერა, ბაზარი კი საბოლოოდ მაისში დატოვა. კომპანიის კუთვნილი რუსული ბიზნესი ნოვოკუზნეცკელმა მეწარმემ ალექსანდრე გოვორმა იყიდა. ახალი რესტორნების ქსელს "ვკუსნო-ი ტოჩკა“ ეწოდება.

თამარ მუკბანიანი