თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ახალი ნავთობსაბადო აღმოაჩინეს - სუფთა მარაგი 150 მლნ ბარელს შეადგენს

თურქეთმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, გაბარის მთის რაიონში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მისი თქმით, აღმოჩენილი ნავთობმარაგის სუფთა მოცულობა 150 მილიონი ბარელია, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 12 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ეს არის ერთ-ერთი საბადო 10 უდიდესი სახმელეთო საბადოდან, რომლებიც თურქეთში წელს აღმოაჩინეს.

ერდოღანის ცნობით, ამ რეგიონის ოთხი ჭაბურღილი მეტად მაღალი ხარისხის ნავთობს მოიპოვებს, რომელთა მოცულობაც დღეში 5000 ბარელია.

პრეზიდენტი ამბობს, რომ თურქეთის ეროვნული ნავთობკომპანია Türkiye Petrolleri-ის ყოველდღიური მოპოვება 65 000 ბარელამდე გაიზარდა, მაშინ, როცა ხუთი წლის წინ, დაახლოებით, 40 000 ბარელს შეადგენდა. ამასთან, ხელისუფლება გეგმავს, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთვთან დაკავშირებით ნავთობის დღიური მოპოვება 100 000 ბარელამდე გაზარდოს, რაც დამატებითი სეისმური კვლევებით, საბურღი სამუშაოების განვითარებითა და წარმოების ზრდის მეთოდების დანერგვით მოხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ნავთობისა და გაზის ბევრმა კომპანიამ პანდემიის დროს „ხელები ჩამოუშვა,“ Türkiye Petrolleri-მ საძიებო და მოპოვების საქმიანობა დააჩქარა,“ - აცხადებს პრეზიდენტი.

მისი მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს კიდევ 34 საბადო იქნა აღმოჩენილი და ქვეყნის მარაგს 71 მილიონი ბარელი ნავთობი დაემატა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ