წყალქვეშა მილიარდერი - რეი დალიო „ტიტანიკისა“ და „ავატარის“ რეჟისორ ჯეიმს კამერონის ბიზნესპარტნიორი გახდა

მილიარდერი რეი დალიო ამერიკული კომპანია Triton Submarines-ის თანამფლობელი გახდა, რომელიც მდიდარი კლიენტებისთვის წყალქვეშა ნავებს აწარმოებს. ამის შესახებ Financial Times-თან (FT) ინტერვიუს დროს თავად რეი დალიომ განაცხადა.

კომპანიის სხვა თანამფლობელები ჰოლივუდის კინორეჟისორი, „ტიტანიკისა“ და „ავატარის“ შემქმნელი, ჯეიმს კამერონი და Triton Submarines-ის თანადამფუძნებელი, პატრიკ ლეხი არიან.

რეი დალიომ უარი თქვა იმ პირობების გამხელაზე, რომლითაც წილი შეიძინა. FT წერს, რომ მილიარდერს ოკეანის კვლევის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის ოთხ წყალქვეშა ნავს და ოკეანის სამეცნიერო კვლევით გემს, OceanXplorer-ს ფლობს. OceanXplorer გამოიყენებოდა National Geographic-ისა და Disney-ის ოკეანის კვლევის პროექტში, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ჯეიმს კამერონი იყო.

კომპანია Triton Submarines 2007 წელს პატრიკ ლეხმა და ბრიუს ჯონსმა იახტების მფლობელებისთვის წყალქვეშა ნავების ასაშენებლად დააარსეს. წყალქვეშა ნავების ღირებულება, რომელსაც კომპანია აწარმოებს, 2,5 მილიონიდან 40 მლნ დოლარამდე მერყეობს. Triton Submarines ყოველწლიურად ოთხ-ხუთ წყალქვეშა ნავს აწარმოებს.

გამოცემის შეფასებით, Triton Submarines-ის წილის შეძენა რეი დალიოს ჯეფ ბეზოსის, ილონ მასკისა და რიჩარდ ბრენსონის პირისპირ აყენებს, რომლებიც ე.წ. მილიარდერების კოსმოსურ რბოლაში მონაწილეობენ. დალიო აცხადებს, რომ ოკეანის შესწავლა „უფრო საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე კოსმოსის ათვისება.“

ოქტომბერში 73 წლის რეი დალიომ ჰეჯფონდ Bridgewater-ის აქციათა საკონტროლო პაკეტზე უარი განაცხადა, რომელიც მან 1975 წელს შექმნა. თუმცა კომპანიაში რჩება როგორც ინვესტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი და მენტორი.

Forbes Real Time-ის თანახმად, რეი დალიოს ქონება 19,1 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ