ნინო თანდილაშვილი - კანონპროექტი „საწარმოო ემისიების შესახებ“ გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია

წინგადადგმული ნაბიჯი გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის, - ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს მიერ შემუშავებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი.

კანონპროექტის თანახმად, 2026 წლიდან კერძო სექტორისთვის, მსხვილი საწარმოების გადაიარაღებისა და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ნაწილში ახალი ვალდებულებები ამოქმედდება.

ნინო თანდილაშვილის განმარტებით, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებული მოთხოვნები და რეგულაციები, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ნაწილია.

„კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ მოიწონა და მხარი დაუჭირა, ევროპულ დირექტივებს სრულად ეფუძნება და კერძო სექტორისთვის ისეთი ვალდებულებების დაწესებას მოიცავს, როგორიცაა ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შემცირება, ნარჩენების ისეთი მართვა, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შემცირდეს. კანონპროექტი, ფაქტობრივად, გარემოს თითქმის ყველა ფაქტორზე დაბინძურების შემცირება-პრევენციას მოიცავს. საუბარია, დაახლოებით, 200-მდე საწარმოზე, რომლებმაც შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესები უნდა გაიარონ, ეტაპობრივად უნდა დანერგონ საუკეთესო ტექნოლოგიები, გადაიარაღდნენ და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდნენ, რათა მათი მხრიდან გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შემცირდეს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონი საკმაოდ რთულად შესასრულებელია, რის გამოც, სამინისტროს ბიზნესსექტორთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა.

„გვქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, რომელიც ამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში ჩვენი მთავარი პარტნიორია. შედეგად, ევროკავშირი საქართველოში კონკრეტულ კომპანიებს გარემოსდაცვით აუდიტს ჩაუტარებს - გამოავლენს როგორია მდგომარეობა საწარმოში, რა სჭირდება საწარმოო პროცესის გასაუმჯობესებლად, ამისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგას და რა ინვესტიციები უნდა განახორციელოს. ამ ეტაპზე საუბარია 6-მდე საწარმოზე, თუმცა ვმუშაობთ, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კანონპროექტი ახალი საწარმოებისთვის 2026 წლიდან ამოქმედდება. უკვე არსებული საწარმოებისთვის კი, სხვადასხვა სექტორის მიხედვით, კანონის ამოქმედების სხვადასხვა გონივრული ვადებია განსაზღვრული, რათა საწარმოებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ და საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე საკმაოდ სოლიდური - 10 ათას ლარზე მეტი ჯარიმები იმოქმედებს.

იმის გამო, რომ ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი მოთხოვნა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერის დაბინძურების მაქსიმალურად შემცირებაა, მისი ამოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია ჰაერდაცვითი მიმართულებით უკვე მიღებული რეგულაციები - მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის თვითმონიტორინგის ვალდებულების დაწესება. ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ საწარმოებმა ინტენსიური გადაიარაღების პროცესი დაიწყეს.

„საუბარია 70-მდე საწარმოზე, მსხვილ ობიექტზე, რომლებიც მრეწველობის თითქმის ყველა დარგს მოიცავს. ისინი პროცესში არიან, რომ თანამედროვე სტანდარტები და ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნები დანერგონ. შედეგი გახლავთ ის, რომ 15-მდე საწარმომ გადაიარაღება მოახერხა, ონლაინ თვითმონიტორინგის სისტემაში ჩაერთო და ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ უწყვეტ მონაცემებს გვაწვდის. საწარმოებს სამინისტრომ დეტალური გეგმები შეუდგინა და გონივრული ვადები განუსაზღვრა. ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა საწარმო საწარმოო-ტექნოლოგიურ პროცესს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.