„აიღე რაც გჭირდება, გაეცი თუ შეგიძლია“ -  როგორ ანაწილებს მსოფლიო გასაყიდად გამოუყენებელ საკვებს გაჭირვებულ ადამიანებზე და რა ეტაპზეა საქართველო

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში საკვების ერთი-მესამედი არამიზნობრივად იხარჯება - საუბარია ვადის გასვლასთან მიახლოებულ ან დეფექტიან პროდუქტზე, რომელიც გაყიდვაში აღარ ჩაეშვება. ასეთი პროდუქტების რიცხვი შეერთებულ შტატებში 40%-მდეა, რაც საკმარისია 2 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად.

გამოუყენებელ საკვებს საკმაოდ ცუდი შედეგები მოაქვს პლანეტისთვის: ნარჩენების დაშლის შედეგად გამოიყოფა მეთანი. გაეროსვე მონაცემებით, სურსათის ნარჩენები ცალკეული ქვეყანა რომ იყოს, ეს იქნებოდა მსოფლიოში სათბურის გაზის მქონე სიდიდით მესამე ქვეყანა, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ.

საბედნიეროდ, ინოვაციური ორგანიზაციები პოულობენ გზებს, რათა აღადგინონ და გადაანაწილონ მსგავსი ტიპის საკვები გაჭირვებულ ადამიანებზე.

2016 წლის თებერვალში საფრანგეთმა მიიღო კანონი სურსათის ნარჩენებთან ბრძოლის შესახებ, რომელიც ნიშნავდა, რომ სუპერმარკეტებს ეკრძალებოდათ გაუყიდველი საკვები პროდუქტების განადგურება და იძულებულნი გახდნენ შეეწირათ იგი. ეს კანონი იყო საკვების ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლის ამოსავალი წერტილი მისი განადგურების აკრძალვით და დონაციის ხელშეწყობით. მიღების შემდეგ, მისი ფარგლები კიდევ უფრო გაფართოვდა, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი დადგენილებებითა და კანონებით.

food-tank-restaurants-donate-waste-hunger-1670934385.jpg

Aloha Harvest - ჰავაის შტატის ყველაზე დიდი არაკომერციული სურსათის ნარჩენების კომპანიაა. 1999 წლიდან ჯგუფმა გადაარჩინა და გაავრცელა თითქმის 11 მილიონი კილოგრამი (24 მილიონი ფუნტი) საკვები.

City Harvest ნიუ-იორკში ყოველდღიურად აგზავნის 26 მაცივარ-სატვირთო მანქანას, რათა აიღოს საკვები თითქმის 2500 ფერმიდან, რესტორნიდან და სასურსათო მაღაზიიდან. შემდეგ კი ამ საკვებს აწვდის ასობით უფასო სასადილოს, კვების ობიექტსა და საზოგადოების კვების პროგრამებს.

OzHarvest - ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გახსნა ავსტრალიაში პირველი „გადარჩენილი საკვების“ სუპერმარკეტი სიდნეიში, რომელიც ფუნქციონირებს ლოგიკით - „აიღე რაც გჭირდება, გაეცი თუ შეგიძლია“.

ozharvest-newcastle-delivers-to-charity-dara-scaled-1670934096.jpeg

The Real Junk Food Project York - იღებს საკვებს სუპერმარკეტებიდან, რესტორნებიდან, საბითუმო მოვაჭრეებიდან, კვების ბანკებიდან და მას სკოლებს, ორგანიზაციებსა და გაჭირვებულ პირებს უნაწილებს. კომპანია დიდ ბრიტანეთში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის ანგარიშზე მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლეა.

Second Harvest - არის კანადის უმსხვილესი სურსათის სამაშველო ორგანიზაცია. ჯგუფი იღებს გაუყიდავ საკვებს ფერმებიდან და რესტორნებიდან და მას 1000-ზე მეტ სოციალური მომსახურების ორგანიზაციას უნაწილებს.

განვითარებული ქვეყნები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ დიდი რაოდენობით საკვების განადგურების პრობლემა აუცილებლად ამ გზით უნდა მოგვარდეს და დაუშვებელია მათი გადაყრა-განადგურება.

exchange-1670934195.jpg

საქართველო ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში ვერ მოხვდა, რადგან ქვეყანაში მსგავსი პროგრამა ან კომპანია არ არსებობს. მორჩენილი საკვები, რომელიც წარმოებისას მცირედით დაზიანდა ან რომელსაც ვადა უახლოეს მომავალში ეწურება, ნადგურდება. გაჭირვებულების საკვებით დახმარება მხოლოდ ცალკეული ფიზიკური პირების ინიციატივით ხდება.

2021 წლის ბოლოს, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ინიციატივა, სურსათის ბანკის შექმნის შესახებ. მათი თქმით, რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში, საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ. კანონი ძალაში 2022 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო. ამავდროულად, სურსათის უვნებლობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნებოდა შემუშავებული, თუ რომელი საკვები პროდუქცია იქნებოდა მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩართულიყო.

კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის თქმით, პროექტს სამი მხარე ეყოლება 1.რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები, 2. საქველმოქმედო ორგანიზაციები და 3. სახელმწიფო.

წილოსანის თქმით, შეიქმნება სისტემა, სადაც ლოკაციის მიხედვით დარეგისტრირდება მიმღები მხარე, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ლოკაციის პრინციპით მიებმება შესაბამისი ბენეფიციარი.

როგორც წილოსანი ამბობდა, ქველმოქმედების საბოლოო მიმღები არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, თუმცა შესაძლოა, ამგვარი პროდუქციის მიმღები მუნიციპალური სასადილოც იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოვა სისრულეში ინიციატივა, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი წამოწყება ბევრი ადამიანის ყოფას შეამსუბუქებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ აგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და ქართული მხარის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ეკა დარჩიაშვილი