“სახელმწიფო საწარმოები, გამოიყენებენ ზუსტად იგივე პროცედურებს, რა პროცედურებითაც სარგებლობენ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციები”

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი, თანმდევ პროექტებთან ერთად.

მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტით ხდება სრულიად ახალი რეგულაციების შემოღება, რომელიც განსხვავებულად მოაწესრიგებს საჯარო შესყიდვების პროცედურებს.

„აღნიშნული პაკეტის ნაწილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების კანონის დონეზე დარეგულირება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მიერ ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. კანონპროექტით მნიშვნელოვნად ფართოვდება სახელმწიფო შესყიდვების სფერო. ამ შემთხვევაში, ის პრაქტიკულად მოიცავს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, ვინც კი საჯარო ფინანსებს განკარგავს. შესაბამისად, სწორია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ეწოდოს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი და ყველა გამონაკლისი, რომელიც აქამდე გათვალისწინებული იყო კონკრეტული თემატური კანონებით, დარეგულირდება სწორედ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტით. გაფართოების მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც აქამდე ოპერირებენ სპეციალური წესებით, მოექცევიან კანონის რეგულირების ფარგლებში და ისინი გამოიყენებენ ზუსტად იგივე პროცედურებს, რა პროცედურებითაც სარგებლობენ სხვა შემსყიდველი ორგანიზაციები. მნიშვნელოვანი სიახლეა შესყიდვის პროცედურების დივერსიფიცირებაც და ამ პროცედურებში ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმების შემოტანა, როგორიც არის ფასთან ერთად ხარისხი და ასევე, სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი“, - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

თაია არდოტელი