თურქმენული გაზი ევროპას შესაძლოა, საქართველოს გავლით მიეწოდოს

დღეს თურქეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები სამმხრივ სამიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისთვის თურქმენული გაზის მიწოდების საკითხს განიხილავენ. სამიტი კასპიის ზღვისპირა ქალაქ თურქმენბაშში, კერძოდ, ეროვნულ ტურისტულ ზონა „ავაზაში“ გაიმართება. ინფორმაციას Bloomberg თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ საკითხის მცოდნე წყარომ Bloomberg-ს განუცხადა, რომ დაგეგმილია თურქმენეთიდან გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, შემდეგ კი მისი გადაქაჩვა სამხრეთ დერეფნის მილსადენის ქსელში, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს. სააგენტო წერს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში თურქმენული გაზის მიწოდების საკითხი ადრეც განიხილებოდა, მაგრამ წარუმატებლად. თუმცა უკრაინის ომის შემდეგ ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისთვის ალტერნატიული მარშრუტების პოვნის თემა აქტუალური გახდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქმენეთში გამგზავრებამდე გამოთქვა იმედი, რომ თურქმენულ გაზს კასპიის ზღვის გავლით მიიღებს.

„ამ საკითხს სამიტზე განვიხილავთ. იმედი მაქვს, რომ თურქმენული გაზი ჩვენს ქვეყანას კასპიის გავლით მიეწოდება,“ - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, სამიტის მთავარი დღის წესრიგი ბუნებრივი გაზის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებია და სამივე სახელმწიფოს მეთაური, საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაწეული სამუშაოს შემდეგ, ახალ ფორმატში დაიწყებს მუშაობას. ერდოღანმა, ასევე, განაცხადა, რომ მხარეები არაერთი შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ, რომლებიც „ქვეყნებს შორის კავშირის საფუძველს განამტკიცებენ.“

Bloomberg-ის მონაცემებით, თურქმენეთის უზარმაზარი რესურსები ძირითადად გამოუყენებელია, რადგან აშხაბადი ევროპაში მათ ტრანსპორტირებას ვერ ახერხებს. მიზეზი ისაა, რომ კასპიის ზღვის, შემდეგ კი მილსადენის გავლით თურქმენული გაზის ტრანსპორტირების შეთანხმება არ არსებობს. სააგენტოს ცნობით, თურქმენული გაზის, თითქმის, მესამედი ჩინეთს, დანარჩენი კი შიდა ბაზარს და რუსეთს მიეწოდება. 2020 წლის ბოლოს თურქმენეთის გაზის მარაგმა 13,6 ტრილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც რუსეთის მარაგის მესამედს აღწევდა.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ ფატიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთი, ევროპისა და აზიის საზღვარზე სტრატეგიული მდებარეობის გამო, ენერგოტრანზიტისთვის საკვანძო მარშრუტად გადაქცევას ცდილობს. ამ მიზნით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაორმაგების შესახებ.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, სამი ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი და ილჰამ ალიევი ქალაქ თურქმენბაშის ეროვნულ ტურისტულ ზონა „ავაზაში“ ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ