გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა

გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიდი, ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები.

„ჯამში, 30-მდე კომპანიას 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი ჰქონდა წარმოდგენილი მენეჯერის, საქმეთა მწარმოებლის, ბუღალტრის, კონსულტანტის, მზარეულის, მოლარე-ოპერატორის, დაცვის თანამშრომლის, დამლაგებლის, ტექნიკოსის, ელექტრიკოსის და სხვა პოზიციებზე.

ფორუმზე, დასაქმების მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან, პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. სააგენტომ, 2022 წელს, თბილისსა და რეგიონებში, 15 ფორუმი ჩაატარა, სადაც 5 000-ზე მეტი ვაკანსია იყო წარმოდგენილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.