თურქეთი ტურისტებისთვის ახალ გადასახადს აწესებს

თურქეთში 1-ლი იანვრიდან ტურისტებისთვის სასტუმროებში, ტურისტულ სოფლებში, მოტელებში, პანსიონატებში, ოტელებში, კემპინგებსა და განსახლების სხვა ობიექტებში გასაჩერებლად 2%-იანი გადასახადი იმოქმედებს. ინფორმაციას „კომერსანტი“ ადგილობრივ სამთავრობო გაზეთ Resmi gazete-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაბეგვრის ოდენობაზე არანაირად არ იმოქმედებს სასტუმროების მიერ გაწეული მომსახურება, როგორიც არის კვება, დასასვენებელი აქტივობები, აუზით სარგებლობა, სპორტული, თერმომომსახურება და ა.შ. გადასახადის გადახდისგან თავისუფლდებიან საერთო საცხოვრებელში, პანსიონატებსა და კემპინგებში მცხოვრები სტუდენტები, ასევე, თურქეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თურქეთის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის განსახლების გადასახადის შემოღება ჯერ კიდევ 2019 წელს გადაწყვიტა, თუმცა მისი ამოქმედება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმედ ნური ერსოის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე თურქეთი 51,5 მილიონ ტურისტს, ხოლო ტურიზმიდან 46 მლრდ დოლარის შემოსავალს მოელის. მთავრობა იმედოვნებს, რომ ქვეყანა მომავალ წელს 60 მილიონ ტურისტს მიიღებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ