გარემოვაჭრეები - ხელისუფლების თავსატეხი

"ხელისუფლებას გარემოვაჭრეები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით, მთავრობაში მოსვლისთანავე კი ხელკეტებით დაგვდევენ"

გარევაჭრობა ყოველთვის იყო ყველა ხელისუფლების თავსატეხი. ტროტუარებსა თუ მეტროს შესასვლელში სახელდახელოდ მოწყობილი სავაჭრო დახლები გამვლელს სერიოზულ პრობლემას უქმნის. პრაქტიკულად, თბილისი გარევაჭრობამ წალეკა. ამას ემატება დანაგვიანებული ქუჩები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთ დიდ ნაგვის ქალაქში ვცხოვრობთ. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს. ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური ზრდა 5%-დან 2%-მდე შემცირდა, ლარის კურსი გაუფასურებისკენ მიექანება, ბანკებმა კრედიტორებს სესხები გაუძვირეს, შეიძლება ითქვას, რომ გარემოვაჭრეებისთვის ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვით პრაქტიკულად, არსებობის უკანასკნელ საშუალებას ართმევენ.

ცხადია, არავინ დავობს იმაზე, რომ გარევაჭრობა მართლაც უნდა აიკრძალოს, მაგრამ ხელისუფლებამ სანაცვლოდ გარემოვაჭრეებს სხვა ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. სამწუხაროდ, უკვე წლებია ასეთ ალტერნატივას მათ არავინ სთავაზობს. ადამიანებს კი არსებობა უნდათ - მათ უკან მინიმუმ 3-4 ადამიანი დგას. რა ხდება გარევაჭრობაზე, როგორ ავიწროებენ გარემოვაჭრეებს და რას ფიქრობენ ისინი ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონზე, ამის გასაგებად bpn.ge გარემოვაჭრეებს ესაუბრა. ჟურნალისტური "რეიდის" დროს თვალშისაცემი იყო მომხმარებელთა სიმცირე. გარემოვაჭრეების თქმით, შიგნით ბაზარში კლიენტი ნაკლებად შედის, ამიტომ გარეთ ვაჭრობას ამჯობინებენ. იქვე დასძენენ, რომ ბაზარში ადგილის გადასახადი საკმაოდ ძვირია, შეიძლება მთელი დღის მანძილზე ვერ ივაჭრონ და გადახდილი თანხაც დაკარგონ.

45 წლის ნანა თეთრიწყაროს რაიონიდან, ასურეთიდან ყოველ მეორე დღეს ე.წ. ნავთლუღის ბაზრობაზე რძის ნაწარმს ჰყიდის. კლიენტის მომსახურების პარალელურად, გაწაფული თვალით ათვალიერებს გარემოს, ეშინია პოლიცია თავს არ დაადგეს და არ დააჯარიმოს, ვინაიდან ერთხელ უკვე მოუწია ჯარიმის გადახდა. "ზაფხულში 20 ლარით დამაჯარიმეს. პოლიცია მოულოდნელად დამადგა თავს. სამი კილო ყველი და რძე მქონდა, ისიც წამართვეს. რა თქმა უნდა, ჯარიმა გადავიხადე. მას შემდეგ, გაფაციცებით ვიცქირები აქეთ-იქით. როცა კლიენტს ემსახურები, ამ დროს შეიძლება მანქანიდან გითვალთვალებდნენ ან ზურგიდან მოგეპარონ და დაგაჯარიმონ. ქალები ერთმანეთს ვეხმარებით, როცა ერთი ჰყიდის, დანარჩენი ქუჩას აკვირდებიან, პოლიციელი ხომ არ მოდის. საშინელ დღეში გვაგდებენ, მათ გამოჩენაზე უკანმოუხედავად გავრბივართ. გვეგონა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა ჩვენი არსებობა, მაგრამ პირიქით. დავრწმუნდი, რომ არც ერთი მთავრობა ხალხისთვის არ არის. სულ უარესობისკენ მიდის საქმე. ხალხი ბაზარში არ დადის, ფული აღარ აქვთ. ბანკის სესხებმა ლამის სული ამოხადოს. გაუბედურებული, დაქცეული ქვეყანა ვართ. იმედიც არ მაქვს, რომ რამე გამოსწორდება", - გვეუბნება ქალბატონი ნანა.

მყიდველის ნაკლებობას უჩივის მარტყოფელი პენსიონერი ვალია, რომლის თქმითაც, ბაზარში შიგნით დგომას, ისევ გარეთ ურჩევნია ვაჭრობა, რადგან ხშირად საქონელი ვერ ეყიდება და ადგილში ფულს ტყუილად იხდის. "პენსია აღარაფერში მყოფნის. ფულს ძალა არ აქვს, წამლები ისეთი ძვირი ღირს, მარტო ამაში მეხარჯება ჩემი პენსია. დაგვცინეს, 10 ლარი მოგიმატეთო, იმაზე მეტი უკვე დაგვაკლდა. დილიდან აქ ვდგევარ, მაგრამ კლიენტი არ არის. არავინ ყიდულობს, ხალხს ფული არ აქვს. პოლიციამ ძალიან გაგვაწვალა. შიგნით ბაზარში გაყიდვა არ მიღირს. გუშინ ადგილზე 5 ლარი გადავიხადე, მაგრამ ვერაფერი გავყიდე და ის ფულიც დავკარგე", - გვეუბნება მარტყოფელი პენსიონერი.

სამგორის ტერიტორიაზე გავლა რთულია - ტროტუარებზე ვაშლს, კარტოფილს და მწვანილს პარკებითა და სათლებით ჰყიდიან. გარემოვაჭრეების თქმით, ეს აპრობირებული ხერხია. პოლიციის გამოჩენისთანავე პარკს ხელს წაავლებენ და გარბიან. მათი თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა პოლიციას რომელიმე მათგანი დაუჭერია, გასაყიდი პროდუქტი ძირს დაუყრია ან წაურთმევია. "გამწარებული გვაქვს ცხოვრება. შიშით ვყიდით, ვინ საიდან, როდის გამოჩნდება და თავს დაგვაცხრება, არ ვიცით. რამდენიმე ხნის წინ ჩვენს გვერდით მოვაჭრე ბიჭი დააჯარიმეს, მაგრამ ჯარიმა - 20 ლარი არ გადაიხადა. ალბათ, იფიქრა, მაპატიებენო. ჯარიმის თანხა კი გაიზარდა და ბოლოს სოფელში სახლი დაუყადაღეს. 600 ლარის გულისთვის ადამიანს სახლს ართმევ? ასეთი ბევრი შემთხვევაა. განა ჩვენ მოგვწონს სიცხესა და სიცივეში ქუჩაში დგომა? გაყინულები ვდგავართ, რომ ორი კაპიკი ვიშოვოთ, ჩვენს შვილებს შინ პური მივუტანოთ. შექმნას მთავრობამ სამუშაო ადგილები, დაგვასაქმონ და გიჟები კი არ ვართ, რომ ქუჩაში დავდგეთ", - გვითხრა მარტვილელმა გარემოვაჭრე ნათიამ.

ვალერი, 54 წლის:"ლაგოდეხიდან ჭინჭარი ჩამოვიტანე გასაყიდად, ბევრი არაფერი მრჩება, მაგრამ შაქარს და პურს ხომ წავიღებ? შინ ავადმყოფი ცოლი მელოდება, წამლები უნდა, ეს პენსია არაფერში გვყოფნის. იმასაც გვამადლიან, ვის რად უნდა მათი დაყვედრებული 10 ლარი? სააკაშვილი რომ ყოფილიყო, დღეს პენსია მართლაც 220 ლარი იქნებოდა. ამათმა თავიანთი ჯიბეები გაისქელეს. გამოვიდნენ ქუჩაში, ყური შეიბერტყონ და ნახონ ხალხი რა გაჭირვებაშია. წინა ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის ნაცვლად, რომ მათი გაფუჭებული საქმით გამოასწორონ. მთელი დღე ლაყბობენ, არ რცხვენიათ მაინც? ხალხის ბედი არც აინტერესებთ."

ასეთი იყო ერთი დღე გარემოვაჭრეებთან, რომლებიც სიცივისგან გაცრეცილი სახეებით და დაკოჟრილი ხელებით, კლიენტის მოლოდინში მთელი დღე გარეთ დგანან. საუბარში ყველამ აღნიშნა, ხელისუფლებას გარემოვაჭრეები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით, მთავრობაში მოსვლისთანავე კი ხელკეტებით დაგვდევენო.

სალომე გოგოხია