მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა  საქართველოში საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს

საქართველოში მეოთხედ გაიმართა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის ცერემონია. აღნიშნული ჯილდო ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობით და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდთან პარტნიორობით შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

BARTA 2022-ის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო 16 ნომინანტი კომპანია. გამარჯვებული საწარმოები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ხაზი გაუსვა არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა ბრენდი, მომხმარებელთა შორის რეპუტაცია, „ნოუ-ჰაუ“ და კეთილი ნება, რაც განსაზღვრავს კორპორაციულ ღირებულებას. ჟიურის წევრებმა აღნიშნეს წინა წლებთან შედარებით ანგარიშგების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება, ისევე როგორც მდგრადი განვითარების შესახებ ანგარიშგების ზრდა.

„ვულოცავთ კომპანიებს, რომელთაც მოწინავე პოზიცია უკავიათ ხარისხიანი და გამჭვირვალე ანგარიშგების მომზადების, მათ შორის, მდგრადი განვითარების თვალსაზრისით. მოხარული ვართ, საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიების რაოდენობის ზრდით და იმედი გვაქვს, რომ სხვებიც მიბაძავენ მათ მაგალითს. ევროკავშირი თავისი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში და ფარგლებს მიღმა საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის და საწარმოების, მომხმარებლებისა და ინვესტორებისთვის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ერთგული რჩება“, - აღნიშნა ევროკავშირის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების მოქმედმა ხელმძღვანელმა კატალინ გერმანმა.

„მაღალი ხარისხის კორპორაციულ ანგარიშგებას, როგორც ფინანსური მდგომარეობის, ისე - მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისთვის, ზრდისა და მდგრადობისთვის. BARTA განსაკუთრებულ როლს ასრულებს კორპორაციული ანგარიშგების გაუმჯობესების სტიმულირებასა და წახალისებაში და ასევე საფინანსო და არასაფინანსო ანგარიშგების სფეროში გლობალური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარებაში. გამჭვირვალობის კიდევ უფრო ამაღლება ქვეყანას დაეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

BARTA-ს გადაცემის პირველი ცერემონია 2019 წლის დეკემბერში გაიმართა ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობის ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევაზე რეაგირების ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში. 2016 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, ამ წლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მდგრადი განვითარების შესახებ ანგარიშგების წარდგენა ევროკავშირში სავალდებულო გახდება ყველა მსხვილი და ლისტინგში შემავალი კომპანიისთვის. ეს კიდევ უფრო ზრდის ზოგადად BARTA-ს და ასევე წელს დამატებული ჯილდოების მნიშვნელობას - მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების საუკეთესო არასაფინანსო ანგარიშგების, მსხვილი არასაფინანსო ინსტიტუტის და მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორიაში არსებული ჯილდოების გარდა, დაწესებულია ორი ჯილდო მდგრადი განვითარების ანგარიშგებისთვის.

წელს გამოცხადებულ 7 კატეგორიაში შემდეგი გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ: გამარჯვებული მსხვილი საფინანსო კომპანია - სს „თიბისი ბანკი”; საპატიო ჯილდო მსხვილი საფინანსო კომპანიისთვის - სს მსო „კრისტალი”; გამარჯვებული მსხვილი არასაფინანსო კომპანია (500 ან მეტი დასაქმებული) - სს „საქართველოს რკინიგზა“; გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია (500-ზე ნაკლები დასაქმებული) - სს „თიბისი ლიზინგი“; საპატიო ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიისთვის (500 -ზე ნაკლები დასაქმებული) - მსო „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“; გამარჯვებული მდგრადობის საუკეთესო ანგარიში - სს „საქართველოს ბანკი“; საპატიო ჯილდო მდგრადობის ანგარიშისთვის - სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“.

„აღსანიშნავია, რომ BARTA წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება და კომპანიების მხრიდან იზრდება კონკურსში მონაწილეობის ინტერესი ამ საპატიო ჯილდოს მოსაპოვებლად. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს კორპორაციული მართვის და შესაბამისი ანგარიშგების ფართო დანერგვას საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას იქონიებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე“, - აღნიშნა საქართველოს ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა .

წლევანდელი კონკურსი ღია იყო საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, და სხვა.