"სინათლის ქალაქმა" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები შეაკეთა

დედაქალაქის გარე განათების ბოძების შეკეთება-აღდგენის პროგრამის თანახმად, თბილისის ზღვისა და ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე "სინათლის ქალაქმა" 370 ბოძი შეღება.

”სინათლის ქალაქის” ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები ადგილზე "სინათლის ქალაქის" ხელმძღვანელობამ დაათვალიერა. ვასილ ხორავას განცხადებით, გარე განათების ბოძების მოწესრიგება და მათი გადაღებვა მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს. ხორავას თქმით, მიმდინარე სამუშაოებზე 120 ადამიანი და 15 ერთეული ტექნიკაა დასაქმებული.

ხორავას განმარტებით, გადაღებვის სამუშაოები მაღალი ხარისხის საღებავით ხორციელდება და მინიმუმ 5 წლის განმავლობაში მათ განახლება აღარ დაჭირდება. "სინათლის ქალაქის" დირექტორის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისის მასშტაბით არსებული გარეგანათების ბოძების მოწესრიგება მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოებს "სინათლის ქალაქი" აწარმოებს.