სარეკლამო ბიზნესი ამოყვინთვას ვერ ახერხებს

სარეკლამო ბიზნესს საქართველოში ისევ პრობლემა აქვს.

პიარტექნოლოგები მიიჩნევენ, რომ ინვესტიციების შემცირება სარეკლამო ბაზარზეც ნეგატიურად აისახა და მდგომარეობა სასიკეთოდ ვერც უახლოეს პერიოდში შეიცვლება. სპეციალისტების შეფასებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, სარეკლამო ბაზარზე კლებაა.

ბიზნესაქტივობის შემცირებამ და ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემამ თავის დროზე სარეკლამო ბიზნესი ძალიან დააზარალა. წელს ვითარება ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა და ბაზარი კვლავაც პასიურია. ისევ, როგორც ადრე, ლიდერობს სატელევიზიო რეკლამა, რომელსაც მთელ პორტფელში 80%-მდე უკავია. თუმცა, როგორც პიარტექნოლოგები აღნიშნავენ, ახალი რეგულაციის შემოღება სატელევიზიო სარეკლამო სივრცეს სერიოზულად შეცვლის.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ელდარ პირმისაშვილის ვარაუდით, ახალი რეგულაციების შემოღებიდან სარეკლამო ბაზარს შემკვეთი კომპანიების დაახლოებით 30 პროცენტი შემოეცლება. არ არის გამორიცხული, მსხვილი კომპანიების ნაწილს პოზიციების დათმობამ მოუწიოს, შეიზღუდება სარეკლამო ბაზარზე საშუალო დონის კომპანიების წილი, ხოლო პატარა ფირმები სატელევიზიო სარეკლამო სივრცეს გამოეთიშებიან. პირმისაშვილის ვარაუდით, რეკლამების დიდი წილი ინტერნეტსივრცესა და ბეჭდვით მედიაში გადაინაცვლებს.

”სარეკლამო ბიზნესისთვის ახლა პრობლემური პერიოდია. ბოლო რამდენიმე თვეა, მდგომარეობა ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა, ხოლო ახალი რეგულაციის შემოღებიდან ვითარება უფრო მეტად დამძიმდება. ცვლილება კანონში რეკლამის ღირებულებას გაზრდის, რამაც, შესაძლოა, რეკლამის დამკვეთის მიერ წარმოებული პროდუქციის ფასის ზრდა განაპირობოს. ახალი რეგულაციის შემოღება ერთი შეხედვით მომხმარებლის დაცვას გულისხმობს და ამ მხრივ დადებითი ფაქტორია, თუმცა უარყოფითიც ბევრია. მაგალითად, ის, რომ ტელევიზიები, რომლებიც რეკლამებზე არიან დამოკიდებულნი, რეკლამის ფასს დაახლოებით 30 პროცენტით გაზრდიან. ვფიქრობ, ამავე მაჩვენებლით შემცირდება კომპანიების წილიც სარეკლამო ბაზარზე. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვცდილობთ მოვძებნოთ ალტერნატიული მეთოდი და რეკლამით დავტვირთოთ პრესა და ინტერნეტი, სადაც რეკლამის განთავსება შეღავათიანი პირობით იქნება შესაძლებელი. ახლა ვერ გეტყვით, რამდენად ეფექტური იქნება ეს ზომა. ნებისმიერი დამკვეთი ცდილობს მისი მომხმარებელთან დამყარებული კომუნიკაცია ეფექტური იყოს. კვლევების თანახმად ეფექტურობის უმაღლესი მაჩვენებელი სწორედ ტელევიზიებს აქვთ”, - აცხადებს ელდარ პირმისაშვილი.

ჯერჯერობით ტელევიზია საქართველოს მოსახლეობისთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ და სარეკლამო ბაზრის ყველაზე დიდ სექტორად რჩება. საკომუნიკაციო სფეროს სპეციალისტები ხელისუფლების მხრიდან სარეკლამო აქტივობის შეჩერებაზე საუბრობენ.

კომპანია ”ფორმულა კრეატივის” მიერ დამზადებული სარეკლამო რგოლები, რომელიც საქართველოს რეგიონების ტურისტულ შესაძლებლობებს წარმოაჩენდა, ახალი ხელისუფლებისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ სახის რეკლამაზე მოთხოვნა მთავრობის მხრიდან არ არის. არც ბიზნესი აქტიურობს და კვლავ ჩრდილში არჩევს ყოფნას.

”მთავრობის მხრიდან აქტიურობა არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენამდე არაფერი მოსულა. არა მარტო ხელისუფლების მხრიდან, ბიზნესმაც სარეკლამო სივრცეში აქტიურობა მკვეთრად შეამცირა, თუ არ ჩავთვლით სარეკლამო კამპანიას ფარმაცევტული კომპანიების, სატელეფონო ოპერატორებისა და ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებლების მხრიდან. ფაქტია, რომ სახელმწიფო სარეკლამო კამპანიისთვის ფულს არ იმეტებს და მიზანმიმართულად ერიდება ამ ხარჯს. რაც შემოდის, ძირითადად, უცხოური კომპანიების რეკლამებია, ადაპტირებული ან სეზონური ბიზნეს-რეკლამა”, - ამბობს ირაკლი საღინაძე, ”ფორმულა კრეატივის” წარმომადგენელი. მისი შეფასებით, ბიზნესს პრობლემა აქვს და მდგომარეობის გამოსწორებას ჯერჯერობით არ უნდა ველოდოთ.

”ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეკვეთა განახევრებულია და ამ სივრცეში პრობლემაა. ბაზარზე არასასურველი ტენდენციაა დიდწილად იმიტომ, რომ ბიზნესი არსებულ ვითარებას ფრთხილად ეკიდება. ვფიქრობ, მდგომარეობის გამოსწორება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაშიც არ არის მოსალოდნელი. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ფაქტი”, - ამბობს ირაკლი საღინაძე.

სარეკლამო სივრცეში ინტერმედიისა და პრესის მოსალოდნელ გააქტიურებაზე საუბრობს საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. მისი შეფასებით, ქვეყანაში გაიზრდება სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობა, რადგან რეკლამების ეფექტი და საჭიროება გაჩნდება არა მხოლოდ სატელევიზიო საშუალებებით, არამედ ინტერნეტით და პრესით.

”მეტი შანსია, რომ ტელევიზიების გარდა, სხვა საკომუნიკაციო არხები გაჩნდეს და დამკვეთებმა ალტერნატიულ შესაძლებლობას მიმართონ. ისინი შემდეგში გაცილებით პოზიტიურად იმოქმედებენ, რათა მათი რეკლამა უფრო გასაგები გახდეს. ტელევიზია გაზრდის ტარიფს, დამკვეთს კი ნაკლები ფულის ხარჯვა მოუწევს, რადგან ერთ ჭრაში განთავსებული რეკლამა უფრო აღიქმება და არც მომხმარებელი დაიღლება. საბოლოოდ, პრესა და ინტერნეტმედია დარჩება მოგებული”, - აცხადებს გამზარდია.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”