ყაზახეთი ნავთობის საექსპორტო მარშრუტებს აზერბაიჯანის, ჩინეთისა და ირანის გავლით განავითარებს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ბოლატ აკჩულაკოვმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
მისი თქმით, „აქცენტი გაკეთდება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პორტების მიმართულებით.“
ბოლატ აკჩულაკოვი განმარტავს, რომ ნავთობის ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების განვითარებისთვის საგზაო რუქის პროექტი უკვე შემუშავდა, რასაც დივერსიფიკაციის გეგმა ითვალისწინებს.
ყაზახეთის კიდევ ერთი მაღალჩნოსანი, კერძოდ, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი, კაირბეკ უსკენბაევი გასულ თვეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ფარგლებში, ერთობლივი საწარმოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ეს საწარმო ერთიანი ოპერატორი იქნება, რომელიც ითანამშრომლებს როგორც ტვირთის გამგზავნთან, ისე მიმღებთან და მთელი მარშრუტის გასწვრივ მათ ერთიან ტარიფსა და საერთო სტანდარტის მომსახურებას შესთავაზებს.
მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში აქტაუსა და კურიკის საზღვაო პორტებიდან TITR-ით, დაახლოებით, 1,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც გასულ წელზე ორჯერ მეტია. ყაზახური მხარე იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ეს მოცულობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ