მონეტარული პოლიტიკა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც გაამკაცრა

აშშ-ს ფედერალური რეზერვის შემდეგ და ინგლისის ცენტრალურ ბანკთან ერთად, მონეტარული პოლიტიკა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაზარდა.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ განაკვეთების ზრდის დასრულება მომავალ წელსაც არაა მოსალოდნელი. ლაგარდმა განაკვეთების მინიმუმ 50 საბაზო პუნქტით ზრდა 2023 წლის თებერვალსა და მარტშიც დააანონსა.

„საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო გაიზრდება სტაბილური ტემპით, რათა მიღწეული იქნეს ის შემზღუდავი ზომები, რომლებიც ინფლაციის მოთოკვას უზრუნველყოფს“, - განაცხადეს ECB-ში.

ცნობისთვის, ამჟამად ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთები 3.5%-იან ნიშნულზეა, მსგავსად ინგლისის ცენტრალური ბანკისა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აგრესიულ პოლიტიკას ბანკები ინფლაციასთან საბრძოლველად მიმართავენ, რაც დაკრედიტებისა და მიმოქცევაში ფულის მასის შემცირებას ემსახურება, ეს კი ფასების დონის ზრდისგან თავის დაზღვევის გარდა, ეკონომიკურ აქტივობასაც ანელებს. სწორედ ამ მიზეზით მომდევნო თვეებში ამერიკულ და ევროპულ ეკონომიკებში რეცესიაა მოსალოდნელი.

კახი ჩაკვეტაძე