ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელი შინამეურნეობებია -  საქართველოში ენერგორესურსების მოხმარების ანალიზი

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 13.3 პროცენტით გაიზარდა და 12 645 100 000 კილოვატ/საათი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით.

„2021 წლის განმავლობაში მოპოვებულია 35.5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2020 წელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტი), 147.9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48.9 პროცენტით მეტი) და 16 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 1.8-ჯერ მეტი).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 3.7 პროცენტით გაიზარდა და 1 256.5 ათასი მ3 შეშა შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია სხვა ბიოსაწვავისა და ნარჩენების წარმოება.

2021 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 118.6 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგია შეადგინა, რაც 14.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2021 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 801.2 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 226.5 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 11 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2020 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში (9.3 პროცენტით მეტი). მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა კერძო და სახელმწიფო მომსახურების დარგში.

უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ფასის ზრდით და ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენციით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების რაოდენობის ზრდა განაპირობებს ავტოტრანსპორტის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებასაც.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 360.2 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტი). ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 39 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (28.3 პროცენტი) და ელექტროენერგია (23.0 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.8 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენები, ხოლო დარჩენილი 5 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

2021 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია შინამეურნეობების სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 30.7 პროცენტი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 30.6 პროცენტი მოდის ტრანსპორტის, 18.0 პროცენტი - მრეწველობის, 3.9 პროცენტი - მშენებლობის, 0.5 პროცენტი - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 16.3 პროცენტი - კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება,“-ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი