"რუსეთის კრიზისმა ქართულ ღვინოს დაარტყა"

"ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში 85 პროცენტით შემცირდა"

რუსეთის კრიზისმა ქართულ ღვინოს დაარტყა - ამ სათაურით აქვეყნებს "ბიბისის" რუსული გამოცემა ნინა ახმეტელის სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წელს რუსულ ბაზარზე დაბრუნებული ქართული ღვინის გაყიდვებმა ყველაზე თამამ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა.

"მიხარია, რომ საკუთარ პროგნოზში შევცდი. ჩემი ვარაუდით, პირველი ორი წლის განმავლობაში, რუსეთში წლიურად 10 მილიონ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო არ უნდა გაყიდულიყო, თუმცა გაყიდვების ყოველწლიურმა მაჩვენებელმა 20 მილიონ ბოთლს გადააჭარბა. რუსეთში ქართული ღვინო გაძვირდა, მაგრამ მომხმარებელი მაინც კეთილგანწყობილია ქართული ღვინისადმი", - ციტირებს ავტორი ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონალური ბაზრების კვლევითი ცენტრის "ციფრის" დირექტორის, ვადიმ დრობზის კომენტარს.

თუმცა, 2015 წლიდან ნათელი გახდა, რომ რუსული კრიზისი გვერდს არც ქართულ ღვინოს აუვლის. "ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში 85 პროცენტით შემცირდა, რაც მილიონზე მეტი ბოთლია", - ნათქვამია სტატიაში. სტატიის ავტორს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის კომენტარიც მოჰყავს, რომელიც აღნიშნავს, რომ 2014 წელს ექსპორტმა ბოლო 20 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია.

"თუმცა, გასულ წელს დაიწყო პრობლემები რუსეთსა და უკრაინაში - რუბლისა და გრივნის არასტაბილურობა. ამან გავლენა მოახდინა უკრაინაში ღვინის ექსპორტზე, რომელიც 2014 წლის განმავლობაში დაახლოებით 15 პროცენტით შემცირდა. ექსპორტი იზრდებოდა რუსეთში, თუმცა, ვიცოდით, რომ 2015 წელს მსგავსი ზრდა აღარ გაგრძელდებოდა", - აღნიშნავს გიორგი სამანიშვილი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გასულ წელს საქართველომ 60 000 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 2013 წელთან შედარებით 26 პროცენტით მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის უმრავლესობა - 38 მილიონი ბოთლი რუსეთში გავიდა. "ბიბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში კომპანია "თელავის ღვინის მარნის" თანამფლობელი, ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ რუსეთიდან შეკვეთები არის, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე გასულ წელს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში ფიქრობენ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში რუსეთში ქართული ღვინის იმპორტზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ექსპორტი განსაკუთრებით გააქტიურდება აპრილი-მაისიდან, ვინაიდან გრივნისა და რუბლის კურსი ასე თუ ისე დასტაბილურდება",- განუცხადა "ბიბისის" გიორგი სამანიშვილმა.