შაჰ-დენიზმა წელს 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოა

შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მოპოვებამ იანვარ-ნოემბერში 23 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერაციული მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანში მთლიანად 42,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა წარმოებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,8 მილიარდი კუბური მეტრით, ანუ 7%-ით მეტია. აქედან შაჰ-დენიზის საბადოზე საანგარიშო პერიოდში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 4 მილიონი ტონა კონდენსატი იქნა წარმოებული.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში შაჰ-დენიზის საბადოდან 20,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 3,8 მილიონი ტონა კონდენსატი აწარმოეს, ხოლო მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში შაჰ-დენიზზე გაზის წარმოება 12,7%-ით, კონდენსატის კი 5,3%-ით გაიზარდა.

შაჰ-დენიზის ამოქმედებიდან მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით საბადოდან, დაახლოებით, 180,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 39,8 მილიონი ტონა კონდენსატი არის მოპოვებული. მთელ ამ პერიოდში შაჰ-დენიზის საბადოდან ექსპორტირებულია 126,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების ხელშეკრულება ბაქოში, 1996 წლის 4 ივნისს გაფორმდა, რისი რატიფიცირებაც მილიმეჯლისმა იმავე წლის 17 ოქტომბერს მოახდინა. ხელშეკრულებაში მხარეთა წილობრივი მონაწილეობა ასეთია: ოპერატორი კომპანია BP - 29,99%, SOCAR - 21,02%, „ლუკოილი“ - 19,99%, NICO - 10%, TPAO - 19%.

შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის წარმოება 2006 წლის დეკემბერში დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ