ევროკავშირში 2 500-მდე დასახელების სახიფათო საქონელი ამოიღეს გაყიდვიდან

ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდვაში არსებული სახიფათო საქონლის რეკორდული რაოდენობა ამოიღეს.

ევროკომისიის ინფორმაციით, 2014 წელს ევროკავშირის ინსპექტირების ორგანოებმა გაყიდვიდან ამოიღეს 2 435 დასახელების ნაწარმი, რომელიც სახიფათოა მომხმარებლისთვის. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ამოღებულია დიდი რაოდენობით სათამაშოები, ტექსტილი, ტანსაცმელი და აქსესუარები. ევროპული ინსპექციის ინფორმაციით, გაყიდვიდან ამოღებული სახიფათო ნაწარმის ერთი მეოთხედი სერიოზული საფრთხის შემცველია მომხმარებლისთვის.

"პროდუქციის დაახლოებით 12%-ს შეუძლია გამოიწვიოს დენის დარტყმა. აღმოჩენილი საბავშვო სათამაშოები ბავშვის კანის გაღიზიანებას იწვევს, აქსესუარები კი ჯანმრთელობისთვის საშიშ ლითონს შეიცავს", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

მომხმარებლისთვის საშიში საქონლის ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ელექტრომოწყობილობები, მობილური ტელეფონებისა და ავტომობილების აქსესუარები, რომელთა უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში ჩინეთიდან მოხვდა. საქონლის 64% წარმოებულია ჩინეთში, 14% კი ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში.