ამჯერად შვედეთი - საახალწლო ფეიერვერკზე სულ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა ამბობს უარს

შვედეთი შესაძლოა, კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა გახდეს, რომლემაც ფეიერვერკების კერძო პირებზე გაყიდვა აკრძალოს, რადგან მათი აფეთქების ხმა ცხოველებს აშინებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

შესაბამისი ინიციატვით ცხოველთა დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციები გამოვიდნენ. კვლევამ, რომელსაც აქტივისტები ეყრდნობიან, დაადგინა, რომ ფეიერვერკის აფეთქებიდან 6 კილომეტრის რადიუსში ფრინველები სერიოზული დაზიანებისა და პანიკის რისკის ქვეშ არიან. ამასთან, აფეთქებები შინაურ და სხვა გარეულ ცხოველებში ძლიერ სტრესს იწვევს. უფლებადამცველები, ასევე, აღნიშნავენ, რომ ფეიერვერკი, ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფით, გარემოსაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

აქტივისტები ამჟამად ხელმოწერებს აგროვებენ, რომ ინიციატივა შვედეთის მთავრობას წარუდგინონ.

გასულ თვეს „ევროპულსი“ წერდა, რომ საახალწლო ფეიერვერკი ნიდერლანდების თოთხმეტმა მუნიციპალიტეტმა, მათ შორის ამსტერდამმა და როტერდამმა, აკრძალა. აკრძალვა ყველა სახის ფეიერვერკზე ვრცელდება, თუმცა არ შეეხება შუშხუნებსა და სხვა მინიფეიერვერკს, რომლებიც შესანახად უსაფრთხოა. მუნიციპალიტეტებმა გადაწყვიტეს, ეს აკრძალვა მუდმივი გახადონ. ისინი აცხადებენ, რომ აკრძალვა არა მხოლოდ საახალწლო პერიოდის ტრამვების რაოდენობას შეამცირებს, არამედ თავიდან აიცილებს წვის მავნე პროდუქტების ჰაერში გავრცელებას. ამასთან, ნიდერლანდების მუნიციპალიტეტებში ირწმუნებიან, რომ შეზღუდვა ადგილობრივ ცხოველებს ტანჯვას შეუმსუბუქებს, რომლებსაც ხმამაღალი აფეთქებების ეშინიათ. სამომავლოდ, ფეიერვერკის გაშვება მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება.

ახალი წლის დღეებში ფეიერვერკის ნაცვლად ქალაქებში სინათლის შოუ გაიმართება.

24 ოქტომბერს „ევროპულსი,“ ასევე, წერდა, რომ ახალი წლის დღეებში ტრადიციული ფეიერვერკის გაუქმება ბელგიის ქალაქ გენტის მერიამაც გადაწყვიტა. მიზეზად ისევ აფეთქებების შედეგად შეშინებული ცხოველები დასახელდა. ამის ნაცვლად, ქალაქი, ეგრეთ წოდებულ, ჩუმ ფეიერვერკს გამოიყენებს. ის დიდ სიმაღლეზე არ ადის და აფეთქების ხმა სათანადო ადგილას ლოკალიზდება, რაც ადგილობრივ ცხოველებსა და ფრინველებში პანიკას არ იწვევს.

სლოვაკეთის ქალაქ ლიპტოვის მიკულაშში მერია ცხოველთა კეთილდღეობის მიზნით ზედიზედ რამდენიმე წელია, ფეიერვერკზე უარს ამბობს, ხოლო ესპანურ ქალაქ ვეგას დე ხენილში ძაღლებს სპეციალურად ავარჯიშებენ, რომ ფეიერვერკის არ შეეშინდეთ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ