რატი ბრეგაძე - საქართველოში 2024 წლის დასაწყისისთვის პრაქტიკულად ყველა სოფელი იქნება დამისამართებული

საქართველოში 2024 წლის დასაწყისისთვის პრაქტიკულად ყველა სოფელი იქნება დამისამართებული და სახლის მისამართი, რომელიც ადამიანის იდენტობის პრაქტიკულად განუყოფელი ნაწილია, ზუსტად ექნება განსაზღვრული ყველა ადამიანს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას.

მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ - საჯარო რეესტრის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2015 წლიდან ახორციელებს დამისამართების სისტემის სრულყოფის პროექტს.

„პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარება და მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესება. პროექტის ძირითადი კომპონენტებია: მუდმივად განახლებადი რეესტრის დანერგვა, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება. საველე ჯგუფების მეშვეობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ და განახლებულ მისამართებზე მოქალაქეთა იდენტიფიცირება, სამისამართო მონაცემებში აღმოჩენილი ცვლილებების დაზუსტება. დაკორექტირებული სამისამართო ერთეულების ინსპექტირება და სამისამართო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა.

დღეისათვის მისამართების რეესტრში დაზუსტებულია ქვეყნის 67 დასახლების 500 214 მისამართი და 3 208 554 პირის შესახებ ჩანაწერი. ასევე, 2013-2020 წლებში დამისამართების საველე სამუშაოები პირველად ჩატარდა 900-მდე სოფელში“,-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.