ევროზონის ყოველი მეათე მცხოვრები უმუშევარი დარჩება

ევროზონის ყოველი მეათე მაცხოვრებელი უმუშევარი დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპის ცენტრალური ბანკის სახელმწიფო ობლიგაციების გამოსყიდვის პროგრამა წარმატებული იქნება.

ბრიტანული გამოცემა The Financial Times ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ევროზონაში უმუშევრობის დონე 11,2% რჩება და ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ უმუშევრობის დონე მხოლოდ მცირედით შემცირდება.

ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, უმუშევრობა ორნიშნა მაჩვენებელთან ახლოს დარჩება.

”მარტში გამოქვეყნებული შეფასების შესაბამისად, ევროპის ცენტრალური ბანკის ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ 2017 წელს ბაზრის მონაწილეთა 9,9% კვლავინდებურად უმუშევარი იქნება”, - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ”რაოდენობრივი შერბილების” პროგრამა ცოტა ხნის წინ წამოიწყო. პროგრამა 2016 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში ევროპის ცენტრალური ბანკი ყოველთვიურად 60 მილიარდი ევროს ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციებს გამოისყიდის. პროგრამის მთლიანი ღირებულება 1,1 ტრილიონ ევროს შეადგენს. პროექტი ევროზონაში დეფლაციასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელდება.