მსოფლიო ბანკმა უკრაინის მხარდაჭერისა და აღდგენისთვის მრავალდონორიანი ფონდი შექმნა

მსოფლიო ბანკმა მრავალდონორიანი სატრასტო ფონდი შექმნა, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ ომის პირობებში და შემდგომში ქვეყნის რეკონსტრუქციისკენ.

„უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების სატრასტო ფონდი (URTF), რომელსაც მართავს მსოფლიო ბანკი, უზრუნველყოფს კოორდინირებულ დაფინანსებას და მხარდაჭერის მექანიზმს, რათა დაეხმაროს უკრაინის მთავრობას შეინარჩუნოს ადმინისტრაციული და მომსახურების მიწოდების შესაძლებლობები, განახორციელოს დახმარების ღონისძიებები და დაგეგმოს და განახორციელოს რეკონსტრუქციისა და რეფორმების დღის წესრიგი“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ფონდი ასევე უზრუნველყოფს რესურსებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკონსულტაციო და ანალიტიკური სამუშაოებისთვის მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენისა და ქვეყნის რეკონსტრუქციის მიზნით.

ცნობისათვის, დღემდე, მსოფლიო ბანკმა, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, 18 მილიარდი აშშ დოლარის გადაუდებელი დაფინანსების მობილიზება მოახდინა. ამ დაფინანსებიდან 13 მილიარდ დოლარზე მეტი გაცემულია. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ხელს უწყობს ომის დამანგრეველი შედეგების მოგვარებას.