სესხები გაძვირდა - ვისთვის როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი

2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ზოგადად სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.3% იყო, მაშინ როცა მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი - 12.9%, იყო.

2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე სექტემბერთან შედარებით, შემცირდა და 7,4%-დან 7.1%-მდე დაიწია. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 7.7%-დან 7.6%-მდე, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 6.4%-დან 6.1%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებს, საპროცენტო განაკვეთები ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 16.1%-დან 16.4%-მდე გაიზარდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი 13.8%-დან 13.6%-მდე შემცირდა, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე ერთ თვეში განაკვეთი 18.1%-დან 18.3 %-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, სესხები გაძვირდა 12.2%-დან 13.3%-მდე. მათ შორის, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 6.1%-დან 7.1%-მდე, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 15.6%-დან 16.4%-მდე გაიზარდა.

თაია არდოტელი