ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შეთანხმების განხორციელებას მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.

„ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რომელსაც ხელს ვაწერთ დღეს, იქნება ძალიან დიდი წვლილი ევროპის ენერგო უსაფრთხოების საქმეში. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი მწვანე დერეფნის განვითარების კუთხით. მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მისი უწყვეტი მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის მიმართ, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგო დივერსიფიკაციის პროექტების თაობაზე.

წელს, ივლისში, ქალბატონი ურსულას ვიზიტი აზერბაიჯანში აღინიშნა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგოუსაფრთხოების სფეროში და ამ დოკუმენტის განხორციელება უკვე დაიწყო. გასულ წელს, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე იყო 8,2 მილიარდი კუბური მეტრი ენერგია, წელს - 11,3 მილიარდი, მომავალ წელს იქნება სულ მცირე 11, 6 მილიარდი. ბუნებრივი აირის ჯამური ექსპორტი მომავალ წელს იქნება თითქმის 24 მილიარდი კუბური მეტრი. შესადარებლად მინდა ვთქვა, რომ 2021 წელს იყო 19 მილიარდი“, - აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია - ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგოუსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის.

„გუშინ, „სოკარმა“ და „რომგაზმა“ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე აზერბაიჯანიდან რუმინეთში, რომელიც მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. ამდენად, აზერბაიჯანი აფართოებს თავის გეოგრაფიულ არეალს, ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით ევროპის მიმართ. ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია - ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგოუსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის. დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, რომ სანდო მიმწოდებლები გახდნენ ევროპის მიმართ და ეს ძირითადად ეხება მწვანე ენერგიას. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგოპოტენციალი 27 გეგავატზე მეტია, ეს არის მზის, ჰიდრო, ასევე ქარის ენერგია კასპიის ზღვიდან. ერთად, ჩვენ, სტრატეგიული პარტნიორები, ვაპირებთ, რომ სამ გეგავატიან ქარის და ერთ გეგავატიან მზის ენერგია 2027 წლისთვის გამოვიმუშაოთ და ექსპორტზე გავიტანოთ. 2027 წლისთვის ვაპირებთ, რომ დამატებითი წარმადობა შევქმნათ, თითქმის 6 გეგავატის ოდენობით. ერთადერთი კომპანია აპირებს ათ გეგავატიანი მწვანე ენერგიის წარმოებაში განახორციელოს კაპიტალდაბანდება“, - აღნიშნა ალიევმა.

როგორც აზერბაიჯანის პირველმა პირმა განაცხადა, ორი დღის წინ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ჩარჩო შეთანხმებას კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან.

მისივე თქმით, შეიქმნება მინიუმ, სამი გეგავატი მიწოდების წარმადობა აზერბაიჯანული ექსპორტის პირველ ფაზაში.

„ეს კომპანია აპირებს კაპიტალდაბანდება განახორციელოს 12 გეგავატი ქარის და მზის ენერგიის გამომუშავებაში აზერბაიჯანში. ამიტომ მინიმუმ, სამი გეგავატი მიწოდების წარმადობა შეიქმნება აზერბაიჯანული ექსპორტის პირველ ფაზაში. იმისათვის, რომ ეს მიზნები დაკმაყოფილდეს, ჩვენ ქმედითად უნდა ვიმუშაოთ. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან. მე ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ“, - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.