დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერებულია.

როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა, გამოკვეთილია ფასების კლების ტენდენცია პიკურ მონაცემებთან, პიკი შეჩერდა და არის ფასების ზრდის რეგრესი. "თუ კი ორთვენახევრის წინ გამოკვეთილი იყო ტენდენცია, რომ სრული, 15 000 დასახელების მედიკამენტიდან 100-მდე მედიკამენტზე ფასი 7-10%-ის ფარგლებში გაიზარდა, თვენახევრის წინ ეს ტენდენცია გაზრდილი იყო. 450 დასახელების მედიკამენტზე 20-25%-ით იყო გაზრდილი ფასები. საბედნიეროდ, ზრდის ტენდენცია გაჩერებულია. ასევე გამოკვეთილია ფასების კლების ტენდენცია იმ პიკურ მონაცემებთან. 20-25 %-იან მატებასთან დაკავშირებით პიკი შეჩერდა და არის ფასების ზრდის რეგრესი", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. 

მინისტრი რამდენიმე ფარმკომპანიის მიერ ზოგიერთ მედიკამენტზე ფასდაკლების აქციებს გამოეხმაურა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. "მართლაც იყო მოსახლეობაში გარკვეული მღელვარების განცდა, რომ მედიკამენტებზე წვდომა გაუარესდებოდა, გაძვირდებოდა, საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა. ამ ეტაპზე, რამდენიმე მსხვილმა ფარმკომპანიამ მართლაც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით აღსავსე ნაბიჯი გადადგა, რაც მე არ შემიძლია არ აღვნიშნო. უკვე ორ კვირაზე მეტია "სახალხო აფთიაქის" ქსელი ძალიან მნიშვნელოვან აქციას ატარებს, რამდენიმე ათეულ მედიკამენტზე, მათ შორის, სტრატეგიულ, ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალო მედიკამენტებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებაზე. ამას მივესალმებით და მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ფარმკომპანიებს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.