ბელგიის შემდეგ ეკოსასაფლაო პოლონეთშიც გაიხსნა

პოლონეთის ქალაქ პოზნანში ეკოსასაფლაო გაიხსნა. ასეთ სასაფლაოზე საფლავის ქვები, ბილიკები და მაგიდები არ შეიძლება განთავსდეს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ეკოსასაფლაოზე დაკრძალვა მხოლოდ გადამუშავებული მასალისგან დამზადებული ბიოდეგრადირებად ფერფლის ურნებში არის შესაძლებელი. სასაფლაოს ფართობი მხოლოდ 180 კვადრატული მეტრია და მასზე დაკრძალვის ადგილებიარ არის გამოყოფილი.

სააგენტოს შეფასებით, ეკოსასაფლაო საშუალებას იძლევა, გამოსამშვიდობებელი ცერემონია უფრო არატრადიციულ და ეკოლოგიურად სუფთა გზით გაიმართოს, როცა ნეშტი ბუნების წიაღს უბრუნდება.

ეკოსასაფლაოს ტერიტორია შემოღობილია, ხოლო შესასვლელში მხოლოდ ორი ქვის ლოდი დევს, რომლებზეც სპეციალური შეკვეთით გარდაცვლილი პირის სახელის ამოტვიფვრა არის შესაძლებელი. თუ ნათესავები და მეგობრები ყვავილების ან სანთლების დატოვებას გადაწყვეტენ, მათ ამის გაკეთება მხოლოდ ამ დეკორატიულ ქვებთან შეუძლიათ.

ეკოსასაფლაოს იდეის ავტორები აცხადებენ, რომ ასეთი გარემო საშუალებას მისცემს დაკრძალვაზე მყოფ პირებს, საკუთარ ცხოვრებაზე უკეთ დაფიქრდნენდა მათგან წასულები ხეების ბუნებრივ შრიალში გაიხსენონ.

2021 წლის ოქტომბერში „ევროპულსი“ წერდა, რომ მსოფლიოში პირველი ეკოსასაფლაო ბელგიის ქალაქ ფლანდრიაში გაიხსნა, სადაც, ასევე, საფლავის ქვების ან რაიმე ნაგებობის დადგმა იკრძალება, ხოლო დაკრძალვა მხოლოდ გადამუშავებული მასალისგან დამზადებულ ბიოდეგრადირებად კუბოებში არის ნებადართული. ფლანდრიის ეკოსასაფლაო 600 სამარხზე არის გათვლილი. მასზე მიწის ნაკვეთები არ იყიდება და მხოლოდ 25 წლით ქირავდება. პროექტის შემქმნელების გათვლებით, ზუსტად ამდენი დრო სჭირდება ადამიანის სხეულს, რომ ბუნების ნაწილი გახდეს. სასაფლაოზე ყველაფერი, მაგალითად, ადგილების მაჩვენებელი ნიშნები და სკამები, მოჭრილი ხეებისა და კუნძებისგან არის დამზადებული. თითოეული ნაკვეთის გასწვრივ ალუბლის ხეებია დარგული, რომლებზეც ნათესავებსა და მეგობრებს შეუძლიათ, გარდაცვლილის სახელზე ფრინველთა სახლები დაკიდონ, რომ პატივი მიაგონ მის ხსოვნას.

იმავე წელს „ევროპულსი“ წერდა, რომ ნიდერლანდებში სოკოსა და ხავსისგან დამზადებული ეკოკუბოების მასობრივ წარმოება დაიწყეს. ასეთი კუბო 45 დღეში ნიადაგში მთლიანად იშლება და გარემოზე დადებითად ზემოქმედებს.ბიოდეგრადირებადი ეკოკუბოები დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა 2021 წლის სექტემბერში, ხელოვნურად მოყვანილი სოკოსა და ხავსისგან შექმნეს. მათი მტკიცებით, სოკოსა და ხავსში არსებული ბაქტერიები ბიოლოგიურ მასალას იოლად შლიან. სიახლეზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ შემქმნელებმა ეკოკუბოების მასობრივ წარმოება დაიწყეს. თითოს ფასი 1500 ევრომდეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ