მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს - რა დაჯდება სამუშაოები

თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. დედაქალაქის მთავრობამ პროექტირება-მშენებლობაზე სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოაცხადა. სამუშაოები 3 ეტაპად ჩატარდება, შესაბამისად, მთლიანი გამზირის რეაბილიტაციაზეც 3 ტენდერია გამოცხადებული.

დოკუმენტაციის მიხედვით, პირველი ტენდერი სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთს მოიცავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 515 779 ლარს შეადგენს. მეორე მონაკვეთია გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე, აქ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 592 298 ლარია. მესამე მონაკვეთის - ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 075 237 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 1-ლი იანვრიდან დაიწყება და 6 იანვარს დასრულდება. ჯამში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მერიას 20 183 314 ლარი დაუჯდება.