საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 32,2%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17,018 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 5,037 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (31.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 11,981 მლრდ აშშ დოლარს (32.4 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, 6,944 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (660.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (597.9 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (595.5 მლნ აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი(2 143.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 607.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 017.7 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2,552 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (2,205 მლრდ აშშდოლარი) და ჩინეთი (1,678 მლრდ აშშ დოლარი).

ამასთან, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 932.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 762.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 454.8 მლნ. აშშ დოლარით (9.0 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1,391 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1,235 მლრდ აშშ დოლარით (იმპორტის 10.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 725.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.1 პროცენტი).