Bloomberg - წელს მსოფლიოში ყველაზე მეტად რუსული აქციები გაუფასურდა

Bloomberg-ის შეფასებით, წელს რუსული აქციები უფრო მეტად დაეცა, ვიდრე სხვა ფასიანი ქაღალდები მთელს მსოფლიოში.

დოლარში დენომინირებული რუსული საფონდო ინდექსი, RTS წლის განმავლობაში 34,9%-ით დაეცა, რასაც, მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, 2021 წლის 30 დეკემბრის ვაჭრობის დახურვასთან შედარებით, წელს,16 დეკემბერს დახურული ვაჭრობის მაჩვენებლები ცხადყოფს. ამას Bloomberg ეროვნული ვალუტების 92 ინდექსს შორის „ყველაზე ცუდ შედეგად“ აფასებს, ხოლო დოლარის თვალსაზრისით „ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შედეგს“ უწოდებს.

სააგენტო წერს, რომ რუბლებში გამოთვლილი მოსკოვის ბირჟის ინდექსი თერთმეტნახევარ თვეში 44%-ით დაეცა, რაც წლის შემაჯამებელი მონაცემებით, შესაძლოა, ყველაზე მკვეთრი კოლაფსი იყოს 2008 წლის შემდეგ.

მაგალითად, მოსკოვის ბირჟის ინდექსში ყველაზე წონიანი, „ლუკოილის“ აქციები ამჟამად 30%-ით, „გაზპრომის“ 53%-ით, ხოლო „სბერბანკის“ ფასიანი ქაღალდები 54%-ით იაფია, ვიდრე 2021 წლის ბოლოს იყო.

Bloomberg წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო ბევრმა ინვესტორმა ბაზარი დატოვა. ამასთან, ე.წ. არამეგობრული ქვეყნებიდან უცხოელებს რუსეთში თავიანთი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დღემდე ეკრძალებათ, ხოლო ადგილობრივი ინვესტორების სახსრები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ბაზარი დაცემისგან გადაერჩინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ