მესი VS მბაპე - რამდენს გამოიმუშავებენ და როგორია ფეხბურთელების ფინანსური მდგომარეობა?

კატარის გახმაურებული მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ლიონელ მესიმ თავის ბოლო მუნდიალზე არგენტინის ნაკრებს ნანატრი ოქროს მედალი და საოცნებო ჩემპიონობა მოუტანა. საფრანგეთის ნაკრები კი მეორე ადგილს და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალის შემდეგ მთავარი სადავო თემა ისაა, თუ ვინ ითამაშა უკეთ, არგენტინის 35 წლის კაპიტანმა ლიონელ მესიმ, რომელმაც ორი გოლი გაიტანა, თუ 23 წლის ფრანგმა კილიან მბაპემ, რომელმაც ტურნირი ყველაზე მეტი გოლით დაასრულა და ფინალში "ჰეთ-თრიქი" გაიფორმა. ამის გადაწყვეტას თქვენ მოგანდობთ, ჩვენ კი ფეხბურთელების ფინანსურ მდგომარეობას გაგაცნობთ.

გამოცემა Forbes-ის თანახმად, წინა წელს მესიმ ფეხბურთის თამაშით 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც პლანეტაზე მას ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად აქცევს. მხოლოდ ფრანგულ კლუბ „პარიზ სენ ჟერმენში“ მისი ხელფასი 35 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელი კვირაში 738,000 დოლარს, დღეში 105.000 დოლარს, საათში კი 8,790 დოლარს გამოიმუშავებს.

რაც შეეხება მოედნის გარეთ გამომუშავებულ თანხას, გასულ წელს ეს რიცხვი 55 მილიონი დოლარი იყო. გარდა კრიპტოპლატფორმა Siocios-თან 20 მილიონ დოლარიანი თანამშრომლობისა, მესის პორტფოლიო მოიცავს Adidas-თან, Budwaiser-თან და PepsiCo-სთან კონტრაქტებსაც.

კარიერის განმავლობაში მესის 1.15 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული - აქტიური მოთამაშეებიდან მხოლოდ სამმა ათლეტმა, ლებრონ ჯეიმსმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ტაიგერ ვუდსმა შეძლეს მეტის გამომუშავება.

მესის კაპიტალი 600 მილიონ დოლარამდეა და მის საკუთრებაშია ძვირად ღირებული მანქანების კოლექცია, მდიდრული უძრავი ქონება, სასტუმროები, კერძო თვითმფრინავი და სხვ.

Transfermarkt-ის თანახმად, ამჟამად არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა. ცნობისთვის, მესის ფასი პიკს 2018 წელს აღწევდა, როდესაც ის 180 მილიონ ევროდ ფასობდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ მესი ფულს ქველმოქმედების მიზნითაც ხარჯავს. 2007 წელს UNICEF-თან თანამშრომლობით შექმნა "ლიონელ მესის ფონდი", 2017 წელს ფონდი ომის შედეგად ობლად დარჩენილ 1600-მდე სირიელ ბავშვს დაეხმარა, 2019 წელს კი 218,000 დოლარი გამოყო კენიის მოქალაქეებისთვის საკვებითა და წყლით მოსამარაგებლად.

მესისთან შედარებით, კარიერის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე მყოფი ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავის კაპიტალი მოკრძალებული 150 მილიონი დოლარია. კილიან მბაპე Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ათლეტებს შორის 35-ე ადგილზეა.

23 წლის ასაკში მბაპე ფრანგული ფეხბურთის სახეა. მისი სპონსორები Nike, Dior, Oakley და Hublot არიან. Nike-თან მისი 10-წლიანი კონტრაქტი 187 მილიონ დოლარიანია. ამჟამად ის ამ კონტრაქტებით 15 მილიონ დოლარს იღებს.

Forbes-ის თანახმად, მბაპე მიმდინარე 2022/23 წლების სეზონზე, საერთო ჯამში, 128 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი გამოიმუშავა კარიერის განმავლობაში ფრანგმა ფეხბურთელმა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეულში არ შედის, თუ კარიერას ნაადრევად არ დაასრულებს, ერთ დღეს ის ამას ნამდვილად მიაღწევს. Transfermarkt-ზე ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად 160 მილიონი ევრო ღირს.

კახი ჩაკვეტაძე