ბათუმში მდებარე რესტორან „ვოქსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველი-მეხანძრეები და სამართალდამცავები რჩებიან

ბათუმში მდებარე რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მიმდებარე ტერიტორია კვლავ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ადგილზე მაშველი-მეხანძრეები და სამართალდამცავები რჩებიან.

აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სახლებში დაბრუნდა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ბათუმში მდებარე რესტორან „ვოქსში“, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს, ხანძარი წუხელ გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.