არგენტინამ ჩემპიონატის მოგებით რეკორდული თანხა მიიღო - რამდენი გამოიმუშავეს გუნდებმა

მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლით დასრულებასთან ერთად არგენტინამ რეკორდული საპრიზო თანხა, 42 მილიონი დოლარი მიიღო.

მუნდიალზე ფინანსურ პრიზებს ყველა მონაწილე გუნდი იღებს, თუმცა თანხა ჯგუფიდან გასვლის შემდეგ და დასკვნით ეტაპზე იზრდება. საერთო ჯამში, FIFA მონაწილე გუნდებს 440 მილიონ დოლარს გადაუხდის.

არგენტინის მიერ მიღებული თანხა 4 მილიონი დოლარით აღემატება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთისთვის გამოყოფილ თანხას და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

1982 წლის ჩემპიონმა იტალიამ FIFA-სგან 2.2 მილიონი დოლარი მიიღო, თუმცა მას შემდეგ საპრიზო თანხა საგრძნობლად გაიზარდა:

  • 1982: იტალია – 2.2 მლნ დოლარი;
  • 1986: არგენტინა – 2.8 მლნ დოლარი;
  • 1990: დასავლეთ გერმანია – 3.5 მლნ დოლარი;
  • 1994: ბრაზილია – 4 მლნ დოლარი;
  • 1998: საფრანგეთი – 6 მლნ დოლარი;
  • 2002: ბრაზილია – 8 მლნ დოლარი;
  • 2006: იტალია – 20 მლნ დოლარი;
  • 2010: ესპანეთი – 30 მლნ დოლარი;
  • 2014: გერმანია – 35 მლნ დოლარი;
  • 2018: საფრანგეთი – 38 მლნ დოლარი;
  • 2022: არგენტინა – 42 მლნ დოლარი.

რაც შეეხება სხვა გუნდებს, მეორე ადგილოსანმა საფრანგეთმა 30 მლნ დოლარი მიიღო, მესამე ადგილზე გასულმა ხორვატიამ კი 27 მილიონი დოლარი. დანარჩენი გუნდების მიერ მიღებული საპრიზო თანხები კი შემდეგნაირია:

  • მეოთხე ადგილი: მაროკო - 25 მლნ დოლარი;
  • მეხუთე-მერვე ადგილები: ნიდერლანდები, ბრაზილია, პორტუგალია და ინგლისი - 17 მლნ დოლარი;
  • მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილები: აშშ, ავსტრალია, პოლონეთი, სენეგალი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვეიცარია - 14 მლნ დოლარი;
  • ჯგუფებში ჩარჩენილი ნაკრებები - 9 მლნ დოლარი.
კახი ჩაკვეტაძე