"უნდა გადავდგე თუ არა ხელმძღვანელის პოსტიდან?" - მასკის გამოკითხვა Twitter-ზე

ილონ მასკი, რომელიც Twitter-ზე მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ეკითხება, უნდა გადადგეს თუ არა ხელმძღვანელის პოსტიდან.

გამოკითხვის დასრულებამდე ერთი საათია დარჩენილი და ამჟამად 16 მილიონზე მეტი ადამიანიდან 57.5% მასკის გადადგომას უჭერს მხარს. როგორც მასკი ამბობს „ტვიტში“, რომელიც ბიზნესმენმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ განათავსა, ის გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილება.

მასკმა ასევე დააანონსა, რომ სამომავლოდ Twitter-ის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ ამ გზით განხორციელდება.

პლატფორმის ყიდვის შემდეგ მილიარდერმა თანამშრომლების ნახევარი დაითხოვა და დააბრუნა მანამდე დაბლოკილი ანგარიშები. ახლახან კი მასკმა დაბლოკა CNN-ის, New York Times-ის, Washington Post-ისა და სხვა გამოცემების ჟურნალისტების ანგარიშები, რომლებიც მას ბოლო დროს აქტიურად აშუქებდნენ, მიზეზად კი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული წესების დარღვევა დასახელდა. მოგვიანებით, კრიტიკის კიდევ ერთი ტალღის შემდეგ, მასკმა ჟურნალისტებს პლატფორმაზე დაბრუნების შესაძლებლობა მისცა, თუმცა იმ პირობით, რომ „ტვიტებს“, რომლებიც, მისი თქმით, წესებს არღვევდა, პლატფორმიდან წაშლიდნენ.

კახი ჩაკვეტაძე