საქართველოს მონაწილეობით ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის ოთხმხრივ შეთანხმებას საუდის არაბეთიც უერთდება

საუდის არაბეთი დაინტერესებულია, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოებისა და ევროპაში მისი შემდგომი ექსპორტის პროექტებში ჩაერთოს. ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა ბაქოში, ორი ქვეყნის სამთავრობათაშორისი კომისიის ეკონომიკური თანამშრომლობის სხდომაზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელით მოხდება. ევროკავშირის Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველეოზე გამავალ წყალქვეშა კაბელის პროექტში 2.3 მლრდ ევროს ინვესტირება განიხილება. მაღალი ძაბვის კაბელი 1 195 კილომეტრის სიგრძის იქნება, რომლის 1100 კმ-იანი მონაკვეთი შავის ზღვის ფსკერზე, ხოლო 95 კმ - ხმელთზე გავა. პროექტის შედეგად, რუმინეთი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ელექტროენერგიის ბაზარზე ვაჭრობას საათობრივი ფასების გათვალისწინებით შეძლებენ. თბილისი და ბრიუსელი, ასევე, ციფრულ მონაცემთა კაბელის გაყვანას განიხილავენ. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, „ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად გადააქცევს.“

როგორც ცნობილია, ახლახან რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერების მონაწილეობით ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ოთხმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ილჰამ ალიევის შეფასებით, ეს შეთანხმება მწვანე ენერგიის განვითარება-გადაცემის მხრივ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში „დიდ წვლილს შეიტანს.“ მისი თქმით, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგოპოტენციალი 27 გეგავატზე მეტია, რაც მზის, ჰიდრო და კასპიის საზღვაო ქარის ენერგიის ერთიან სიმძლავრეს მოიცავს. აზერბაიჯანული მხარე 2027 წლისთვის სამგეგავატიანი ქარის და ერთგეგავატიანი მზის ენერგიის გამომუშავებასა და ექსპორტზე გატანას გეგმავს. მთლიანობაში, იმავე წლისთვის, თითქმის, 6 გეგავატის ოდენობის დამატებითი წარმადობა შეიქმნება, ხოლო ერთ-ერთი კომპანია კაპიტალდაბანდებას ათგეგავატიანი მწვანე ენერგიის წარმოებაში აპირებს.

თავის მხრივ, საუდის არაბეთი აზერბაიჯანიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტში მონაწილეობას ცდილობს. კომპანია, ACWA Power აზერბაიჯანში 240 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის პროექტში მონაწილეობს და ამ ქარხნის მშენებლობაში 300 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„ჩვენ შეგვიძლია, აზერბაიჯანში გიგავატიანი ელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებიც განვახორციელოთ,“ - აცხადებს ალ-ფალიჰი.

ACWA Power, ასევე, აზერბაიჯანში 500 მეგავატი სიმძლავრის საზღვაო ქარის ელექტროსადგურის აშენებით არის დაინტერესებული.

რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმებაზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ის გვერდზე ახლახან დაწერა, რომ „შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა ასე ახლოს.“ ის მოხარულია, რომ ამ რეგიონში განახლებად ენერგიებზე დიდი აქცენტი კეთდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ