უკრაინაში 2023 წელს მარცვლეულის ნათესი ფართობი 45%-ით, მთლიანი მოსავალი კი 60%-ით შემცირდება

წინასწარი შეფასებით, 2023 წელს უკრაინაში მარცვლეული კულტურების ნათესები 45%-ით შემცირდება, ხოლო მარცვლეულის მოსავალი, ომამდელ 2021 წელთან შედარებით, 60%-ით ნაკლები იქნება. ასეთი პროგნოზი ასოციაცია „აგრარული ბიზნესის უკრაინულმა კლუბმა“ წარადგინა, რასაც პორტალი „გორდონი“ ავრცელებს.

დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინაში 2021 წელს დამუშავებული 28,4 მილიონი ჰექტარი ნათესი ფართობიდან 24,6 მილიონი ჰექტარი, ანუ მთელი ტერიტორიის 86% არაოკუპირებულ ტერიტორიაზეა. აქედან 3,8 მილიონი ჰექტარი მიწა ფრონტის ხაზთან სიახლოვისა და ჭურვების ნარჩენების გამო ვერ ითესება.

ასოციაციის მონაცემებით, ზამთრის კულტურების თესვა უკვე დასრულდა, რის შემდეგაც ნათესი ფართობების მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება. სულ 3,8 მილიონი ჰექტარი ზამთრის მარცვლეული დაითესა, რაც, 2021 წლის შემოდგომის მაჩვენებელთან შედარებით, კონტროლირებად ტერიტორიებზე 26%-ით, ხოლო მთელი უკრაინის მასშტაბით 43%-ით ნაკლებია. მიზეზებს შორის აგრარული სპეციალისტები ასახელებენ ექსპორტის შეზღუდულ შესაძლებლობებს, ძვირადღირებულ ლოგისტიკასა და ამის შედეგად დამდგარ ფასთა სხვაობას რეგიონებს შორის. კერძოდ, საზღვაო პორტებთან და ევროკავშირთან მოსაზღვრე რეგიონებში, ქვეყნის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე უფრო მაღალი ფასებია.

აგრარულ ბიზნესკლუბში აცხადებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე ზეთოვანი კულტურების ფასი მარცვლეულს ორჯერ აღემატება. შესაბამისად, წინასწარი შეფასებით, 2023 წელს მარცვლეული კულტურების ფართობი სულ 8,7 მილიონი ჰექტარი იქნება, რაც, 2022 წელთან შედარებით, 22%-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 45%-ით ნაკლებია. ამასთან, ზეთის კულტურებზე პროგნოზირებული ნათესი ფართობი 9,7 მლნ ჰექტარს შეადგენს, რაც, 2022 წელთან შედარებით, 32%-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. უკრაინელი აგრარები ამბობენ, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ზეთოვანი კულტურების ნათესი ფართობი მარცვლეულს გადააჭარებს.

მარცვლეულ კულტრებზე მოსალოდნელი მოსავლიანობა რეგიონების მიხედვით, წინა წლების საშუალო მოსავლიანობასთან შედარებით, 10-30%-ით შემცირდება. შესაბამისად, 2023 წელს მარცვლეულის მთლიანი მოცულობა შესაძლოა, 34 მილიონ ტონას არ ასცდეს, რაც, 2022 წელთან შედარებით, 37%-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 60%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ზეთოვან კულტურებს, პროგნოზირებული მთლიანი მოსავალი 19,3 მლნ ტონას შეადგენს, რაც, 2022 წელთან შედარებით, 13%-ით მეტი, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 15%-ით ნაკლებია.

ასოციაცია დაასკვნის, რომ 2023/24 მარკეტინგულ წლებში მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების საექსპორტო პოტენციალი, დაახლოებით, 35 მილიონი ტონა იქნება, რაც თვეში 3 მილიონ ტონას შეადგენს. შედარებისთვის: 2021/22 მარკეტინგულ წლებში ამ კულტურათა საექსპორტო პოტენციალი 85 მილიონი ტონას, ანუ თვეში 7 მილიონი ტონას შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ