გუდაურში დასვენება გაძვირდა - რომელი ქვეყნის დამსვენებლები ჭარბობენ ზამთრის კურორტზე

გუდაურში დასვენება გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმროს წარმომადგენლები ამბობენ, ფასების ზრდა, ძირითადად, ეკონომიკური პროცესებით არის განპირობებული და საშუალოდ, გასულ წელთან შედარებით, დასვენება ზამთრის ამ კურორტზე 15-20%-ით არის გაძვირებული.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ფასები 20%-ით მომატებულია, ხოლო დამსვენებლების სიმრავლე ამ დროისთვის ჯერ არ შეიმჩნევა.

„ჯერ თოვლი არ მოსულა, ამიტომ ასეთ დროს დამსვენებლები, რა თქმა უნდა, თავს იკავებენ ამოსვლისგან, მაგრამ გვაქვს ჯავშნები. ძირითადად, რუსეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ამასთან, 3-4 თვით ადრე ჯავშნებს ქართველები თითქმის არ აკეთებენ და ეს წილი სულ უცხოელებზე მოდის“, - ამბობს „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელი .

საპირისპიროს აცხადებენ „გუდ აურაში“. სასტუმროში ამბობენ, რომ დამსვენებლები უკვე აქტიურად არიან მათთან და მიუხედავად თოვლის არარსებობისა, ტურისტების სიმცირეს არ უჩივიან.

„ამ დროისთვის ჯავშნები არაბი დამსვენებლებისგან ჭარბობს, ხოლო რაც შეეხება ფიზიკურად, რუსები ყველაზე დიდი რაოდენობით ისვენებენ ჩვენთან. ფასები, რა თქმა უნდა, მომატებულია, მინიმუმ 15%-ით, სხვაგვარად წარმოუდგენელია, სამწუხაროდ“ - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.

მისი თქმით, მომატებული ფასები ტურისტების რაოდენობაზე არ აისახება.

მომატებული ფასების პარალელურად, გაზრდილ მომართვიანობაზე საუბრობენ ასევე „გუდაური მონტეში“. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასვენება საშუალოდ 15%-ით გაძვირდა, ეს დამსვენებლების რაოდენობაზე არ ასახულა.

„წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რუსი დამსვენებელი გვყავს, რომლებიც თბილისიდან ჩამოდიან. ჯავშნებს რაც შეეხება, უმეტესწილად არაბები ჯავშნიან“, - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა.

ეკა დარჩიაშვილი