სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი და ბიზნესში დასაქმებული პირი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი და ბიზნესში დასაქმებული პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლების მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რეგიონული ქვედანაყოფის სპეციალისტი კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებთან, რომელთაგანაც, სამსახურებრივი მფარველობისა და დარღვევებზე რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდულობით, იღებდა შესაბამის თანხებს.

„მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადასტურდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი „რ.ხ.“ მფარველობას უწევდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ „მ.ნ.“-ს, რომელმაც „რ.ხ.“-ს გაწეული მფარველობის სანაცვლოდ, ორჯერ, პირად ანგარიშზე ჩაურიცხა შესაბამისი თანხა. ხოლო, ერთ შემთხვევაში - ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არ შეადგინა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის სანაცვლოდაც, ერთ-ერთი მეწარმისგან მიიღო სამშენებლო მასალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „რ.ხ.“ ინფორმაციას აწვდიდა მეწარმეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გადაადგილებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტების დაფარვის მიზნით.

შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 338-ე და 339-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.