გერმანიას მთლიანობაში 5,35 მლრდ დოლარის რუსული აქტივები აქვს დაბლოკილი

გერმანიის ხელისუფლებას მთლიანობაში 5,046 მლრდ ევროს (5,35 მლრდ დოლარის) რუსული აქტივები აქვს დაბლოკილი. გაყინული აქტივების ეს ოდენობა ფედერალური მთავრობის წერილში არის მითითებული, რომელიც ევროპარლამენტარ კრისტიანა გერკეს გაეგზავნა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Heutigen Nachrichten ავრცელებს.

მთავრობის საპასუხო წერილში წერია, რომ გაყინულ აქტივებს შორის არის გერმანიის საბანკო ანგარიშებზე არსებული 2,217 მლრდ ევროს (2,35 მლრდ დოლარის) ოდენობის ნაღდი ფული, რის შესახებაც ბუნდესბანკს საკრედიტო ორგანიზაციებმა შეატყობინეს. გაყინული აქტივები, ასევე, მოიცავს 1,099 მლრდ ევროს (1,16 მლრდ დოლარის) ღირებულების „მოძრავ ქონებას.“

ივნისში გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 4,48 მლრდ ევროს (4,75 მლრდ დოლარის) აქტივები ჰქონდა გაყინული. ამჟამად ეს მაჩვენებელი 566 მლნ ევროთი (600 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

Bloomberg-ის მონაცემებით, ევროკავშირს რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მლრდ ევროს (311 მლრდ დოლარის) რეზერვები და სანქცირებული რუსი ბიზნესმენების 19 მლრდ ევროს (19,9 მლრდ დოლარის) აქტივები აქვს დაბლოკილი.

Politico ნოემბრის შუა რიცხვებში ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირს საერთო ჯამში 68 მლრდ ევროს რუსული აქტივები აქვს გაყინული, რომელთა უმეტესობა ბელგიაშია. ბელგიამ 50 მლრდ ევროს, ლუქსემბურგმა კი 5,5 მლრდ ევროს აქტივები დაბლოკა. მთლიან დაბლოკილ აქტივებში 90%-ზე მეტი წილი ამ ორ ქვეყანას, ასევე, იტალიას, გერმანიას, ირლანდიას, ავსტრიას და საფრანგეთს ეკუთვნის.

Politico-ს ცნობით, ევროკომისიამ ზუსტად არ იცის, რუსეთის ეროვნული რეზერვებიდან თუ რა რაოდენობის აქტივი არის გაყინული ევროკავშირში. მართალია, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეს ოდენობა, დაახლოებით, 33,8 მლრდ ევროს შეადგენს, თუმცა მაჩვენებელი ჯერ კიდევ გადასამოწმებელია. ნოემბერში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აქტივების კონფისკაციის ინიციატივით გამოვიდა, ხოლო ევროკავშირის საბჭომ სანქციების გვერდის ავლა სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია, რამაც აქტივების კონფისკაცია გააადვილა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ