იტალია რუსული გაზის გამოყენებას არ აპირებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა რომის განზრახვა, რომელიც რუსულ გაზზე უარის თქმას ითვალისწინებს.

„იტალია ისურვებდა, თავად გამხდარიყო ენერგეტიკული ჰაბი მთელი ევროპისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გამოვიყენოთ რუსული გაზი, თუმცა არანაირი პრობლემა არ გვაქვს თურქეთთან“, - განცხადა მან პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს ეხებოდა.

ცნობილია, რომ იტალია მისი მოთხოვნის 40%-ს რუსული გაზით აკმაყოფილებდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ახლა ეს მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული.

თურქეთში ევროპის უმსხვილესი გაზის ჰაბის შექმნის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომლის თქმით, რუსეთი აპირებს კიდევ ერთი გაზსადენის მშენებლობას თურქეთის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს თურქეთში გაზის ჰაბის მშენებლობას, საიდანაც ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება ევროპისთვის.

თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესახებ საუბარი იყო ასტანას სამიტზეც 13 ოქტომბერს რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე. ერდოღანის თქმით, ჰაბის შექმნა უმოკლეს დროში მოხდება და ამისთვის საუკეთესო ადგილი იქნება თრაკია, თურქეთის ევროპული ნაწილი.

კოკა კვირკველია