ალეკო ელისაშვილი - 1-ლი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება

1-ლი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება. ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი და პენსიონერებზე სესხის გაცემა მოხდება, ისეთ პროცენტში, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აღარ დაამძიმებს.

„სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები იცვლება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა, აგრეთვე მსჯელობა მიზნობრივ, შემხებლობაში მყოფ ჯგუფებთან. მიზეზებზე სამსჯელოდ, თუ რატომ იხდიდა ყველაზე დაუცველი ფენა - პენსიონერები ყველაზე მაღალ პროცენტს და რა გამოსავლის პოვნა იყო შესაძლებელი, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ინიციატივით შედგა არაერთი შეხვედრა. მათ შორის გაიმართა განხილვა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, “ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით. პარლამენტში შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის და ირაკლი ზარქუას შემადგენლობით, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზნით.

პარტია "მოქალაქეების" მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა უწყებათაშორის კომისია, რომლის მუშაობაშიც პარტია „მოქალაქეები“ აქტიურად იყო ჩართული და რომლის ამოცანაც იყო პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი. კომისიის მუშაობის ფარგლებში, ექსპერტების, პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბანკო/საკრედიტო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, შემუშავდა ახალი პირობები, რომლის საფუძველზეც გარანტირებული იქნება, პენსიონერისთვის სესხის/კრედიტის გაცემისას სესხის საპროცენტო განაკვეთის ადამიანური პროცენტი. საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ შემოსვლის შემდგომ, მათი ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა სესხის დაკავშირებული ახალი პირობების ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომლის თანახმადაც დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი და პენსიონერებზე სესხის გაცემა მოხდება, ისეთ პროცენტში, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძალისხმევის შედეგად პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.