უზბეკეთმა ევროპაში პირველი ტვირთი რუსეთის გვერდის ავლით და საქართველოზე გამავალი მარშრუტით გაგზავნა

უზბეკეთმა პირველი საკონტეინერო მატარებელი ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (შუა დერეფნით) გაგზავნა. უზბეკეთის რკინიგზის განცხადებას ადგილობრივი პორტალი Podrobno.uz ავრცელებს.

უწყების ცნობით, მატარებელი უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-ბულგარეთი/ევროპის მარშრუტით იმოძრავებს, ხოლო კასპიის და შავ ზღვებს საბორნე გადასასვლელებით გადაკვეთს. ახალი მარშრუტის სიგრძე 4000 კილომეტრზე მეტია. სპილენძის კონცენტრატით დატვირთული პირველი საკონტეინერო ბლოკის მატარებელი უზბეკეთიდან ბულგარეთის ბურგასის პორტისკენ 16 დეკემბერს დაიძრა. სატვირთო მატარებელი 46 ვაგონისგან და 91 ერთეული 20-ფუტიანი კონტეინერისგან შედგება.

უზბეკეთის რკინიგზა წერს, რომ „ჩინეთიდან ევროპისკენ გამავალი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) ჩინური ინციატივის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში მუშავდება და თუ მანამდე შუა დერეფანი ტვირთების დიდ ნაკადს არ იზიდავდა, ამჟამად მისი როლი იზრდება.“

კერძოდ, წლის დასაწყისიდან ამ დერეფნის გასწვრივ გადაზიდვების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, აზერბაიჯანის რკინიგზის მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან მარტამდე ამ მარშრუტზე 266,3 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 123%-ით მეტია. საკონტეინერო ტვირთბრუნვამ 5847 TEU შეადგინა, რაც, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 19%-ით მეტია.

Podrobno.uz-ის შეფასებით, შუა დერეფანი გლობალური გადამზიდავების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ მას შემდეგ მოექცა, როცა 2021 წლის მარტში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკონტეინერო გემი, Ever Given სუეცის არხში გაიჭედა და ერთი კვირით მოძრაობა ჩახერგა. ამან მილიარდობით დოლარის ტვირთის მქონე 100-ზე მეტი გემის საცობი გამოიწვია. პორტალის ცნობით, ბევრმა ქვეყანამ და კომპანიამ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაიტანა ყურადღება შუა დერეფანზე, რასაც ამჟამად უკრაინის ომის გამო შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებაც დაემატა.

„ახალმა შესაძლებლობებმა დააინტერესა ჩინეთი, რადგან შუა დერეფნის დახმარებით ტვირთის მიწოდება, სუეცის არხთან შედარებით, უფრო მოსახერხებელი და მოკლე მარშრუტით არის შესაძლებელი. თუ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის საზღვაო გადაზიდვას 30-40 დღე სჭირდება, მატარებლით მიწოდების დრო 15-25 დღემდე მცირდება,“ - წერს Podrobno.uz.

აღსანიშნავია, რომ მანამდე უზბეკეთიდან სატვირთო მატარებლები ევროპა-აზიის სარკინიგზო გადაზიდვების ჩრდილოეთის მარშრუტით მოძრაობდნენ, რომელიც რუსეთზე გადის. ამდენად, რუსეთის მოკავშირე შუა აზიის სახელმწიფოებიდან უზბეკეთი, ყაზახეთის შემდეგ, კიდევ ერთი ქვეყანა ხდება, რომელიც თავისი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას სანქცირებული რუსეთის გვერდის ავლით ცდილობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ