საქართველო კაბელის მშენებლობისთვის შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 20 მლნ დოლარით დააფინანსებს

საქართველო კაბელის მშენებლობისთვის შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 20 მლნ დოლარით დააფინანსებს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

„უშუალოდ ამ პროექტზე მუშაობა ქვეყანამ დაიწყო ჯერ კიდევ გასულ წელს და საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც უკვე ახორციელებს პროექტში ინვესტიციებს;

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაწილეობით მზადდება და რომელიც დასრულდება მომდევნო წელს, სრულად დაფინანსებულია საქართველოს მიერ. ასევე, შეთანხმება მიღწეულია შავ ზღვაში გეოლოგიური კვლევების საქართველოს მიერ დაფინანსებაზე, რომლისთვისაც საქართველო გამოყოფს 20 მილიონ აშშ დოლარს და რომელიც მომავალ წელს განხორციელდება;

პარალელურად, პროექტის განხორციელებაზე და დაფინანსებაზე გასული 18 თვის განმავლობაში მოლაპარაკება მიმდინარეობდა ყველა პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ინტერესი და მზაობა მათი მხრიდან ყოველთვის იყო და არის ძალიან მაღალი;

შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტი საქართველოს ინიციატივით გახდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი. რა თქმა უნდა, ევროკავშირის და ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტების როლი არის წამყვანი ამ პროცესში;

პროექტი სრულად ცვლის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში;

საქართველო იქნება მწვანე ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ევროკავშირში და რეგიონის ენერგეტიკული ჰაბი;

გარდა უდიდესი პოლიტიკური დატვირთვისა, პროექტი ეკონომიკურად არის გამართლებული და დიდ სარგებელს მოუტანს მასში მონაწილე ყველა ქვეყანას და რა თქმა უნდა, საქართველოს,"- წერს ფინანსთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ენერგეტიკული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს.