ემბარგოდან პირველ კვირაში რუსეთიდან ნავთობის მიწოდება 54%-ით შემცირდა

რუსეთიდან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება ემბარგოს დაწესებიდან პირველ კვირას 54%-ით შემცირდა და დღეში მხოლოდ 1,86 მლნ ბარელი შეადგინა. მონაცემები სააგენტო Bloomberg-მა ტანკერების გადაადგილების საფუძველზე გამოთვალა, რომელიც რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის ამოქმედების პირველ სრულ კვირას,12-დან 16 დეკემბრის პერიოდს შეეხება.

ამ პერიოდში მთლიანმა ექსპორტმა კვირაში 1,6 მილიონი ბარელი შეადგინა. სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა რუსეთის პორტებში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთის პორტ ნახოდკაში შემცირდა. მიზეზად Bloomberg ტანკერების ნაკლებობას ასახელებს, რადგან სანქციების შიშით მფლობელები გემებს რუსეთის აღმოსავლეთით აღარ აგზავნიან. გასულ კვირას იქ მხოლოდ ორი ტანკერი დაიტვირთა, მაშინ, როცა ბოლო სამ თვეში ყოველკვირეული საშუალო მაჩვენებელი რვა ტანკერს შეადგენდა.

სააგენტოს გამოთვლები აჩვენებს, რომ ოთხ კვირაში რუსული ნავთობის ექსორტი წლის დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსულ ნავთობზე ბარელის ზღვრული ფასი 60 დოლარამდე დაადგინეს. ამას მოჰყვა G7-ის ქვეყნების განაცხადება, რომ რუსეთიდან საზღვაო გზით ექსპორტირებულ ბარელ ნავთობზე ფასი 60 დოლარს აღარ ასცდება.

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, მათ შორის რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო, ძალაში 5 დეკემბრიდან შევიდა. ამასთან, იკრძალება რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე მომსახურების გაწევა, მისი დაზღვევა, საბროკერო მომსახურება და ოპერაციების დაფინანსება. გამონაკლისი მაშინ იმოქმედებს, თუ საწვავი ზღვრულ ფასზე ძვირად არ გაიყიდება. ანალოგიურ აკრძალვას G7-ის ქვეყნებიც, ანუ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ აწესებენ.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ამის საპასუხოდ მოსკოვმა შესაძლოა, ექსპორტირებულ ნავთობზე ფიქსირებული ფასები დააწესოს ან ეტალონურ ნავთობზე ფასდაკლების ზღვრული ოდენობა შემოიღოს, რომლის დაბალ ფასადაც ნავთობი აღარ გაიყიდება. „ვედომოსტიმ“ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ზღვრულ ფასებზე პუტინის საპასუხო ბრძანებულების პროექტის დეტალები გაარკვია. გამოცემა წერს, რომ მოსალდონელი ბრძანებულებით, აიკრძალება რუსული ნავთობის მიყიდვა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ფასის ლიმიტს შეუერთდნენ, ასევე, აიკრძალება გაყიდვა იმ ხელშეკრულებებით, რომლებშიც ბარელ ნავთობზე რეფერენტულ ფასად 60 დოლარი არის განსაზღვრული. თუმცა ჯერჯერობით ეს საპასუხო ზომები არ გამოცხადებულა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ