ფოთის პორტის გავლით ყაზახური ურანის კანადაში ტრანსპორტირება დასრულდა

ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანია „ყაზატომპრომმა“ კანადაში ბუნებრივი ურანის პარტიის ფიზიკური მიწოდება დაასრულა, რაც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TMTM) განახორციელა. ამის შესახებ სახელმწიფო კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

„ტვირთი, რომელიც მოიცავს როგორც „ყაზატომპრომის,“ ისე კომპანია „ინკაის“ კუთვნილ ურანს, კანადის პორტში წარმატებით ჩავიდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე კომპანია წერს, რომ „ყაზატომპრომი“ განაგრძობს მონიტორინგს, თუ რა პოტენციურ გავლენას ახდენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ფედერაციის ტერიტორიით მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე.

„კომპანია 2018 წლიდან წარმატებით იყენებს TMTM-ს, როგორც ალტერნატიულ მარშრუტს „ყაზატომპრომის“ პროდუქტებით დასავლურ ბაზრების მომარაგებისთვის, რომ ძირითადი მარშრუტის რაიმე მიზეზით მიუწვდომლობის პოტენციური რისკი გაანიველიროს,“ - წერია განცხადებაში.

წლევანდელი მე-3 კვარტლის საოპერაციო შედეგებში კომპანიამ აჩვენა, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, „ყაზატომპრომის“ კუთვნილი ტვირთის ნაწილი ფოთის პორტში იმყოფებოდა, სადაც კონსოლიდირებისთვის და ჩარტერულ გემზე ჩასატვირთათ დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდებოდა, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება დასრულებულიყო.

იმავე პერიოდში საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ყაზახური ურანის საქართველოს გავლით ტრანსპორტირება დაადასტურა და განაცხადა, რომ „ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.“ უწყების ცნობით, 6 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,გარდაბნის“ სარკინიგზო სადგურზე აზერბაიჯანიდან ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები შევიდა, რომლის საერთო წონას 787 ტონა შეადგენდა. ტვირთი ტრანზიტულად ყაზახეთის რესპუბლიკიდან კანადის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შემოსავლების სამსახური იქვე განმარტავდა, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საქონლის გადაადგილება ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა.“

„ყაზატომპრომი“ აცხადებს, რომ ტრანსკასპიური მარშრუტით ურანის პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის შავ ზღვაში გემების დაქირავება არის საჭირო, რადგან ამ მარშრუტზე მომუშავე კომერციული გადამზიდავი კომპანიები არ არსებობენ. ამდენად, „ყაზატომპრომის“ ცნობით, დაქირავებული გემების გამოყენების ეკონომიკური ეფექტურობის გასაზრდელად მასალის კონსოლიდირება ფოთის პორტში ხდება.

„ყაზატომპრომი“ პარტნიორებს არწმუნებს, რომ დღეისთვის ალტერნატიული მარშრუტის წყალობით არ არსებობს არანაირი შეზღუდვა კომპანიის მომხმარებლებისთვის მზა პროდუქციის მთელს მსოფლიოში მისაწოდებლად.

„ყაზატომპრომს“ ტრანსკასპიური მარშრუტით ყაზახეთის მაღაროებიდან 3500 ტონამდე ოდენობის ურანის ტრანზიტის ნებართვა აქვს, თუმცა კომპანია ამ კვოტის გასაზრდელად მუშაობას განაგრძობს. ამასთან, კომპანია ერთობლივ საწარმოებში თავის პარტნიორებს ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ მზა პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ნებართვის აღებაში ეხმარება. ეს მაშინ ხდება საჭირო, როცა პარტნიორები პროდუქციის წილს სანკტ-პეტერბურგის პორტზე გამავალი რეგულარული მარშრუტით კი არა, ტრანსკასპიური საერთაშორისო მაგისტრალით იღებენ.

„ყაზატომპრომი“ ყაზახეთის ეროვნული ბირთვული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი ურანის უმსხვილესი მწარმოებელია. „ყაზატომპრომი“ ურანს მხოლოდ ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოიპოვებს და სექტორში ურანის უდიდესი სარეზერვო ბაზა აქვს, რომელიც 295 000 ტონას შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ