ჩაანაცვლებს თუ არა რუსულ „დრუჟბას“ ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მილსადენი - ყაზახეთი გერმანიისთვის ნავთობის საცდელი პარტიის მიწოდებას იწყებს

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ მომავალი წლის იანვარში გერმანიაში ნავთობის საცდელი პარტიის გადაზიდვას განიხილვს. ამის შესახებ კომპანიის მართველი საბჭოს თავმჯდომარემ, მაგზუმ მირზაგალიევმა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივან მიხაელ კელნერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რასაც „კომერსანტი“ ავრცელებს.

მხარეების შეხვედრა ვიდეოკავშირით გაიმართა, თუმცა მირზაგალიევი ასტანაში მყოფ ბუნდესტაგის დეპუტატს, კრისტიან გიორკესაც შეხვდა, რომელიც გერმანიის მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ჯგუფის წევრია. მოლაპარაკებებზე გერმანიის ქალაქ შვედტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის ყაზახური ნავთობის მიწოდების საკითხი განიხილეს. ბუნდესტაგის დეპუტატი დაინტერესდა, თუ რამდენად სტაბილური იქნება ყაზახური ნავთობის გადაქაჩვა რუსულ მილსადენ „დრუჟბით.“

„ყაზმუნაიგაზის“ ხელმძღვანელმა კრისტიან გიორკეს დაუდასტურა, რომ რუსული „დრუჟბით“ გერმანიაში ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის „სახელშეკრულებო და ტექნიკური საკითხები“ მოსაგვარებელია. მაგზუმ მირზაგალიევი ამბობს, რომ „ყაზმუნაიგაზი“ იანვრისთვის გერმანიაში ნავთობის საცდელ პარტიას სწორედ ყაზახეთის პრეზიდენტის მითითებით გადაიზიდავს.

20 დეკემბერს რუსული „ტრანსნეფტის“ პრეზიდენტმა, ნიკოლაი ტოკარევმა განაცხადა, რომ კომპანიამ პოლონეთიდან და გერმანიიდან მიიღო განაცხადები 2023 წელს ნავთობის გადაქაჩვის შესახებ. თუმცა გერმანია საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს რუსულს კი არა, ყაზახურ ნავთობს შეეხება და მომავალ წელს ბერლინი რუსული ნავთობის შეძენას არ აპირებს. როგორც გაირკვა, გერმანიამ ყაზახური ნავთობის „დრუჟბის“ მილსადენით იმპორტსა და „ტრანსნეფტის“ სისტემით გადაქაჩვაზე გააკეთა განაცხადი. თუმცა გერმანიასა და ყაზახეთს შორის კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ არსებობს.

ყაზახეთი ატირაუ-სამარას ნავთობსადენით და „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანსპორტირებას რუსულ პორტ უსტ-ლუგამდე ეწევა, შემდეგ კი ტანკერებით გადაიზიდება. ამ მარშრუტით ყაზახეთი 10 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანზიტს ახდენს, ხოლო ჯამური ლიმიტი 17 მილიონი ტონაა. ამასთან, მილსადენის ექსპლუატაციის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, ყაზახეთმა არსებული მარშრუტით მიწოდება შესაძლოა, მხოლოდ 3-5 მლნ ტონით გაზარდოს.

ამდენად, „დრუჟბის“ ლიმიტირებული სიმძლავრის გამო მთავრობამ ნავთობის თუნდაც გერმანიისთვის მისაწოდებლად შესაძლოა, საქართველოზე გამავალი ალტერნატიული მარშრუტი განავითაროს. დეკემბრის ბოლოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ყაზინფორმი“ წერდა, რომ ქვეყნის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, კაირბეკ უსკენბაევმა 2023 წლის იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის გადაქაჩვა დაანონსა, მაშინ, როცა წელს ეს მოცულობა მხოლოდ 200 000 ტონას შეადგენს. მისი თქმით, ყაზახურ მხარეს გადაწყვეტილი აქვს, აქტაუსა და კურიკის პორტებიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშუტით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაზარდოს. საუბარია არა მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, არამედ ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და ბაქო-ბათუმის რკინიგზის ამოქმედებაზე, რომლებიც აპრილიდან შეჩერებულია.

„ყაზინფორმს“ აზერბაიჯანის ნავთობის ბაზრის ექსპერტების შეფასებები მოჰყავს, რომ 2023 წლიდან ყაზახეთიდან ბაქოს გავლით, შემდეგ კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ასევე, ბაქო-სუფსის მილსადენებითა და ბაქო-ბათუმის რკინიგზის საშუალებით წელიწადში არაუმეტეს 8-10 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება არის შესაძლებელი.

კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი წელიწადში ყაზახეთიდან, არაუმეტეს, 1,5 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრასპორტირებას შეძლებს, ხოლო ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გამტარუნარიანობა შესაძლოა, წელიწადში 5 მილიონი ტონიდან 7 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ამასთან, საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით სარკინიგზო ტრანსპორტით არაუმეტეს 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება არის შესაძლებელი.

„ყაზახეთისა და აზერბაიჯანის განზრახვის გათვალისწინებით, გააფართოვონ ტანკერების ფლოტი კასპიის ზღვაში და ბაქო-თბილის-ჯეიჰანის სიმძლავრე დღეში 1,2 მილიონი ბარელიდან 2,2 მილიონ ბარელამდე გაზარდონ, ბაქოს გავლით ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობის გადაზიდვის ზრდა მეტად პერსპექტიულია,“ - წერს სააგენტო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ