Eurostat  - ევროპელების უმრავლესობა ინტერნეტში სამედიცინო ინფორმაციას ეძებს

ევროპელების, დაახლოებით, 52% ინტერნეტს სამედიცინო ინფორმაციის მოსაძებნად იყენებს, ხოლო, თითქმის, იგივე რაოდენობა, ანუ 54% მსოფლიო ქსელში მუსიკის მოსასმენად შედის. ევროპის სტატისტიკის სააგენტო Eurostat-ის მონაცემებს „ევროპულსი“ ავრცელებს.

სამედიცინო ინფორმაციას ყველაზე მეტად ფინეთში, მოსახლეობის 81% ეძებს. ფინეთს ნიდერლანდები 78%-ით, შემდეგ კი კვიპროსი 73%-ით მოსდევს. ამ მიზნით ინტერნეტს მთელ ევროკავშირში ყველაზე ნაკლებად რუმინეთში, მოსახლეობის 29% იყენებს. მის წინ არის გერმანია 37%-ით და ბულგარეთი 39%-ით.

ამასთან, ევროპელების 33% ინტერნეტს ექიმთან ვიზიტის დასანიშნად იყენებს, 24% თავის სამედიცინო ბარათს ათვალიერებს, ხოლო 18% დაავადების სადიაგნოსტიკო ონლაინ სერვისებს მიმართავს.

„ევროპულსი“ ნოემბერში წერდა, რომ დროდადრო სპორტით ევროპელების მხოლოდ 55% არის დაკავებული. კერძოდ, „ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, 38% კვირაში ერთხელ მაინც დადის ვარჯიშზე ან სპორტულ თამაშს თამაშობს, ხოლო 6% ამას კვირაში ხუთჯერ ან მეტჯერ აკეთებს.

მათი წილი, ვინც კვირაში ერთხელ მაინც დადის სპორტზე, ყველაზე მაღალი ფინეთშია, რაც 71%-ს შეადგენს, ლუქსემბურგში - 63%-ს, ნიდერლანდებში - 60%-ს, დანიასა და შვედეთში კი სათითაოდ 59%-ს.

ფიზიკური აქტივობის ყველაზე ნაკლები მოყვარული პორტუგალიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, იტალიასა და ლიეტუვაში ცხოვრობს. საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებში გამოკითხულთა 45%-მა აღიარა, რომ სპორტით არასდროს ყოფილა დაკავებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი, განსაკუთრებით არასწორ კვებასთან ერთად, ჭარბ წონას იწვევს, რაც თავის მხრივ, დიაბეტიდან კიბომდე უამრავი დაავადების გამომწვევია. ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი მოსახლეობის წახალისებას სხვადასხვა გზით ცდილობენ, რომ მოქალაქეებმა უფრო ხშირად ივარჯიშონ. მაგალითად, წლის დასაწყისში „ევროპულსი“ წერდა, რომ იტალიის აფთიაქებში მომხმარებლებისთვის „მოძრაობის აბების“ უფასოდ გაცემა დაიწყეს. მუყაოს კოლოფებში, წამლების შემცველი ბლისტერების ნაცვლად, სავარჯიშო დარბაზების, საცურაო აუზებისა და სპორტული კლუბების უფასო ყოველთვიური აბონემენტები იდო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ