„ჩვენ ვხდებით ელექტროენერგიის მიმწოდებელი ევროპისთვის“ - რას ნიშნავს საქართველოსთვის შავი ზღვის კაბელის პროექტი

რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ენერგეტიკული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა. ამასთან, საქართველო კაბელის მშენებლობისთვის შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 20 მლნ დოლარით დააფინანსებს.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ "ბიზნეს პალიტრაში“ სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული პროექტით, საქართველო ევროპისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი ხდება, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ქვეყანა პოლიტიკურად იქნება ევროკავშირის სივრცის ნაწილი.

„ზოგიერთი სკეპტიკოსი ამბობს, რომ არ გვაქვს საზღვარი ევროკავშირთან. ჩვენ გვაქვს საზღვარი ევროკავშირთან! ეს არის საზღვაო კავშირი, რომელიც პირდაპირ გვაკავშირებს ევროპის სივრცეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ისტორიულად ჩვენ ქართველები შავ ზღვას ასე აქტიურად ვერ ვიყენებდით, მაგრამ სწორედ ახლა, 21-ე საუკუნეში დადგა ის პერიოდი, როდესაც უნდა გამოვიყენოთ.

შავი ზღვის კაბელი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად არის უპირველესი და მომგებიანი საქართველოსთვის, ჩვენ ვხდებით ელექტროენერგიის მიმწოდებელი ევროპისთვის, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. თუმცა, აქ არის ერთი საკითხი, შენ უკვე პოლიტიკურად ხდები ამ სივრცის ნაწილი, ვინაიდან ელექტროენერგია, კარგად მოგეხსენებათ, ისევ და ისევ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თუ რა როლს თამაშობს ზოგადად ქვეყნებს შორის დაკავშირებასა და განვითარებაში. შესაბამისად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქვეყანა ევროპისთვის ხდება მისი ნაწილი.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ თემაზე მუშაობა 2017 წელს დავიწყეთ, ეს იყო ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შეთავაზებული ინიციატივა, როგორც სამთავრობო წრეებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის. ევროკავშირში პირველი კონსულტაციები ჩავატარეთ 2018 წელს, ასევე, ვენაში ჩავატარეთ საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა. მაშინ, როდესაც ევროპელები სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ არსებულმა ვითარებამ რადიკალურად შეცვალა რეალური პოლიტიკის საფუძვლები და ნახეთ, რა მოხდა?! დღეს თვითონ ევროკავშირია დაინტერესებული.

ეს იყო „გროს ენერჯი გრუპის“ ინიციატივა, რომელიც არის ჩვენი, ევროკავშირ-საქართველოს საბჭოს წევრი, მათ მიერ შემოთავაზებული იყო ეს პროექტი 2017 წლის გაზაფხულზე, შემდეგ უკვე ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა სამთავრობო წრეებთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, მაშინდელი მთავრობის შემადგენლობასთან, სხვათა შორის, ეს საკითხი ინვესტორთა საბჭოზეც გავიტანეთ და ასე ერთობლივი თანამშრომლობით მოხდა დღეს უკვე ევროპის მხრიდან ამ პროექტით ასე დაინტერესება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი იყო პირველი ისტორიული პროექტი, რომელმაც პრაქტიკულად, დაარწმუნა ევროპელები, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს აქვს ევროპული კავშირის განვითარების საშუალება, ეს კი უკვე იქნება პირდაპირი კავშირი (პოლიტიკურ განზომილებაში მინდა ავიყვანო) და ელექტრო კაბელი ევროკავშირის ნაწილს გახდის საქართველოს“,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

ნინი ქეთელაური