„სურსათი, რომელიც არ არის საფრთხის შემცველი, გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამისი საჭიროება აქვთ“ - როდის შეიქმნება საქართველოში „სურსათის ბანკი“

საქართველოში „სურსათის ბანკი“, რომელიც 2022 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მომავალი წლისთვის გადაიდო. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განუცხადა, კანონპროექტის ინიცირება წელს მოხდება, მისი მიღება კი საგაზაფხულო სესიისთვის იგეგმება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ „სურსათის ბანკის“ პროგრამაში მხოლოდ სუპერმარკეტები ჩაერთვებიან, „ჰორეკა“ სექტორი კი, რომელიც კანონპროექტის შემუშავების პირველ ეტაპზე განიხილებოდა, თავდაპირველად სისტემაში არ იქნება.

„როგორც ცნობილია, 2022 წლის დასაწყისში დავიწყეთ ინტენსიურად მუშაობა სურსათის დონაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე, იგივე სურსათის ბანკზე. სისტემა გულისხმობს კარგი ევროპული პრაქტიკის გადმოღებას საქართველოში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთის მხრივ, სურსათი, რომელიც არ არის საფრთხის შემცველი და გამოსაყენებელია მოხმარებისთვის, გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამისი საჭიროება აქვთ და მოხმარებული იყოს საქველმოქმედო მიზნებისთვის და ამავდროულად შევამციროთ სურსათის დანაკარგები, რომლებიც ახლა სისტემატიზებული არ არის“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ისაუბრა.

მისი თქმით, მათ ამ კანონპროექტზე მუშაობა FAO-სთან ერთად დაიწყეს, უცხოელი ექსპრტების ჩართულობით. „მათ შორის, სექტორი ინტენსიურად იყო ჩართული ამ სამუშაო ჯგუფში და მადლობა მინდა ვუთხრა მსხვილ სავაჭრო ქსელებს, დაწყებული „კარფურიდან“, დასრულებული ყველა იმ ქსელით, რომელიც თავად იყო მონდომებული, რომ ეს კარგი საკანონმდებლო ჩარჩო ჩამოყალიბებულიყო, მათ შორის, საგადასახადო გარკვეული შეღავათებით, იმ შემთხვევაში ისინი დონაციისთვის გამოყოფდნენ პროდუქციას. ერთ-ერთი ჩართული მხარე ეს იქნებოდა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც დისტრიბუციას გააკეთებენ იმ პროდუქციის, რომელსაც სავაჭრო ქსელები გადასცემენ.

დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ თვითონ მოდელი ჩამოყალიბებულია, მოდელში სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ჯანმრთელობის რისკების გადაზღვევის ან ნაკლებ სარისკო პროდუქტის იდენტიფიცირების ვალდებულება, საგადასახადო შეღავათების ვალდებულება, მაკონტროლებელი ფუნქცია, რომ პროდუქცია იყოს მეტ-ნაკლებად შესაბამისი და არ მოხდეს რომელიმე ჯაჭვის არასათანადო ფორმით გადაცემა. ძირითადი მონაწილეები ამ სისტემის არიან სავაჭრო ქსელები“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობილი ხდება, რომ ამ ეტაპზე მაღალრისკიანი პროდუქცია, საუბარია საჭმელზე „ჰორეკას“ სექტორიდან, არ იქნება ამ სისტემაში ჩართული. „ჰორეკა“ არ იქნება საწყის ეტაპზე, რადგან ის პროდუქტი, რომელიც „ჰორეკამ“ უნდა გადასცეს, საჭიროებს მყისიერ დისტრიბუციას. აქ შეიძლება საათებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. შესაბამისად, სანამ არ დავინახავთ, რომ თვითონ საქველმოქმედო ორგანიზაციები საკმაოდ მძლავრად არიან წარმოდგენილნი, რომ ამ პროდუქტის დისტრიბუცია დროულად განახორციელონ, იქამდე სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ მაღალრისკიანი სურსათი იყოს ამ სქემაში ჩართული.

თუმცა, მაგალითად საფრანგეთისა და ბელგიის შემთხვევა რომ ვნახეთ, რა თქმა უნდა, იქ სრულად მონაწილეობს „ჰორეკას“ სექტორი და გაყინული პროდუქციაც კი, სათანადო პირობებში ინახება და მერე უკვე გადის დისტრიბუციაში. ეს ყველაფერი უნდა შეიქმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ადამიანების ჯანმრთელობას“-აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, პროექტი არ მოიცავს მხოლოდ სოციალურად დაუცველთა სურსათით დაკმაყოფილების იდეას, რადგან სტატუსის გარდა, ბევრი ადამიანია, ვისაც ამისი საჭიროება აქვს.

„ამ პროდუქციის სამართლიანად განაწილება, თავად საქველმოქმედო ორგანიზაციის პასუხისმგებლობა იქნება, კანონში ის არ გაიწერება. იყო ვარაუდი, ხომ არ შეგვეზღუდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ოჯახი და ადამიანია, ვისაც არ აქვთ ეს სტატუსი, მაგრამ ძალიან დაბალი ქულებით იყოს შეფასებული. ის შეიძლება საჭიროებდეს ამგვარ დახმარებას. ამიტომ არ გვინდა, რომ კონკრეტულად ჩაკეტოთ ეს წრე“,- განაცხადა წილოსანმა.

ცნობისათვის, მსოფლიოში საკვების ერთი-მესამედი არამიზნობრივად იხარჯება - საუბარია ვადის გასვლასთან მიახლოებულ ან დეფექტიან პროდუქტზე, რომელიც გაყიდვაში აღარ ჩაეშვება. ასეთი პროდუქტების რიცხვი შეერთებულ შტატებში 40%-მდეა, რაც საკმარისია 2 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად. თუმცა, განვითარებულმა ქვეყნებმა ამ პრობლემის მოგვარების გზებს დიდი ხანია მიაკვლიეს.

2016 წლის თებერვალში საფრანგეთმა მიიღო კანონი სურსათის ნარჩენებთან ბრძოლის შესახებ, რომელიც ნიშნავდა, რომ სუპერმარკეტებს ეკრძალებოდათ გაუყიდველი საკვები პროდუქტების განადგურება და იძულებულნი გახდნენ შეეწირათ იგი. ეს კანონი იყო საკვების ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლის ამოსავალი წერტილი მისი განადგურების აკრძალვით და დონაციის ხელშეწყობით. მიღების შემდეგ, მისი ფარგლები კიდევ უფრო გაფართოვდა, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი დადგენილებებითა და კანონებით.

მსგავსი პრაქტიკა ასევე არსებობს კანადაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა სხვა ქვეყნებში. განვითარებული ქვეყნები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ დიდი რაოდენობით საკვების განადგურების პრობლემა აუცილებლად ამ გზით უნდა მოგვარდეს და დაუშვებელია მათი გადაყრა-განადგურება.

2023 წლიდან მათ საქართველოც შეუერთდება. იმედია, ეს ინიციატივა ბევრი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

იხილეთ ასევე: „აიღე რაც გჭირდება, გაეცი თუ შეგიძლია“ - როგორ ანაწილებს მსოფლიო გასაყიდად გამოუყენებელ საკვებს გაჭირვებულ ადამიანებზე და რა ეტაპზეა საქართველო

ეკა დარჩიაშვილი